საქართველოში 54 ათასამდე რეგისტრირებული ავტობუსის და მიკროავტობუსიდან ტექინსპექტირება მხოლოდ 15%-ს აქვს გავლილი
საქართველოში 54 ათასამდე რეგისტრირებული ავტობუსის და მიკროავტობუსიდან ტექინსპექტირება მხოლოდ 15%-ს აქვს გავლილი.
ასეთი კატასტროფული მაჩვენებელი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა, როდესაც საქალქთაშორისო ტრანსპორტი ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო დაიტვირთა. რატომ არ კონტროლდება ეს სეგმენტი? როგორ ახერხებენ გაუმართავი ავტომობილები გადაადგილებას ისე, რომ შესაბამისი სამსახურები ამას ვერ (არ) ამჩნევენ.
ისიც ცნობილია, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 85% არ ცხადდება ტექინსპექტირებაზე და ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტით ხდება მგზავრთა გადაყვანა.
როგორც ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით უმეტესად ხდება ამორტიზებული მიკროავტობუსებით, რომელთაგან ზოგი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთოა. როგორც მესხიშვილი ვარაუდობს, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ტექნიკურ შემოწმებას თავს არიდებს, ვინაიდან სტანდარტს მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს.
,,დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის სისტემის მოწესრიგებას უკვე წლებია ითხოვენ. მთავარი პრობლემა არალეგალურ ტრანსპორტში ე.წ. ხიშნიკებშია და ტექინსპექტირებაც სწორედ მათ არ უტარდებათ.
„ავტოსადგურებზე რეგისტრირებული ტრანსპორტი ტექინსპექტირებას გადის, პრობლემა ე.წ. ხიშნიკებშია, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ და ყოველგვარ გადასახადებს თავს არიდებენ. გახსნილია უკანონო სადგურები და ამას არავინ აკონტროლებს, შესაბამისად ისინი არც თვლიან თავს ვალდებულად ტექინსპექტირება გაიარონ ან მგზავრების უსაფრთხოებაზე იზრუნონ. არც მძღოლებს აქვთ შესაბამისი მოწმობა, არც ტრანსპორტია ტექნიკურად გამართული, სრული უკონტროლობაა სისტემაში. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო წლებია მუშაობს რეგულირების კანონზე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია მიღებული.
არსებობს ტექნიკური რეგლამენტი ავტოსადგურის მოწყობისა და ფუნქციონალური წესის შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ადგილი საიდანაც გადის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ამასთანავე არსებობს მთავრობის დადგენილება მგზავრის გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის შესახებ, სწორედ ეს უნდა დააკმაყოფილოს ყველამ და ამის კონტროლი არ ხდება სააგენტოს მიერ“, — ამბობს მიქატაძე.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია – შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის – 15.