ახალი ამბები

გზა საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე- გაიცანით გიორგი ყარალაშვილი სიღნაღიდან

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქობოში მცხოვრები ახალგაზრდა, გიორგი ყარალაშვილი, სექტემბრიდან სწავლას პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, დიზაინისა და ინტერაქტიული მულტიმედიის მიმართულებით გააგრძელებს.

გიორგი ამბობს, რომ მისი ჰობი კედლის მხატვრობა და გრაფიკული დიზაინია, სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობდა დღემდე საქართველოშიც, თუმცა იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილი აქვს მეტი ისწავლოს.

ახალგაზრდა ამბობს, რომ სწავლის გასაგრძელებლად სააპლიკაციო პროცესი Etudes en France საიტზე გაიარა, სადაც მაქსიმუმ 7 ფრანგულ უნივერსიტეტში ჰქონდა საბუთების გაგზავნის საშუალება, რის შედეგადაც მან დადებითი პასუხი მიიღო სორბონის, ბორდოსა და ტულონის უნივერსიტეტებისგან.

,,ვარ გრაფიკოსი დიზაინერი, დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ჩემი ჰობი იყო კედლის მხატვრობა და გრაფიკული დიზაინი. ვიმუშავე სხვადასხვა ორგანიზაციისთვის და ვღებულობდი კერძო შეკვეთებსაც. ახლა კი გადავწყვიტე ჩემი კარიერა და განათლება მთლიანად დავუკავშირო დიზაინის სფეროს და სწავლას ვაგრძელებ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში, ინტერაქციული მულტიმედიის მიმართულებით.

სააპლიკაციო პროცესი Etudes en France საიტზე გავიარე, სადაც მაქსიმუმ 7 ფრანგულ უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნის საშუალება მქონდა. გულახდილად რომ ვთქვა, თავდაპირველად სორბონის უნივერსიტეტი არ ყოფილა ჩემი მთავარი სამიზნე, რადგან მეგონა, რომ აქ მოხვედრის შანსი უფრო ნაკლები იყო, თუმცა მაინც გავგზავნე საბუთები.

დაახლოებით ორ თვეში დადებითი პასუხი მივიღე სორბონის, ბორდოსა და ტულონის უნივერსიტეტებისგან. ამ შედეგის დაფიქსირებაში ძალიან დამეხმარა ჩემი უკვე არსებული გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში, სარეკომენდაციო წერილები და აგრეთვე ჩემი Erasmus+ მოხალისეობის გამოცდილება. ფრანგული უნივერსიტეტები აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, დიდ ყურადღებას აქცევენ სტუდენტის არაფორმალურ განათლებას და მოხალისეობრივ პროექტებში მონაწილეობას”,- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ყარალაშვილმა.

გიორგი ამბობს, რომ გარდა კედლის მხატვრობის და გრაფიკული დიზაინისა, ის ასევე წლების მანძილზე დაკავებული იყო მოხალისეობრივი საქმიანობით. ის სხვადასხვა დაწესებულებებში მოხალისედ მუშაობდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ამბობს, რომ მოხალისედ იმყოფებოდა სტრასბურგშიც, სადაც მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება მიიღო.

,,ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობები სკოლის მოსწავლეობიდან იწყება და „სამოქალაქო ინიციატივას“ და შემდგომ ცოდნის კაფეს უკავშირდება. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და ისეთი რაღაცები ვისწავლე, რასაც სკოლა ვერ მომცემდა. ვფიქრობ, რომ რეგიონებში ახალგაზრდების ასეთი საინიციატივო ჯგუფების არსებობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის.

სტუდენტი რომ ვიყავი, იმ პერიოდში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაწესდა და ეს იყო უდიდესი შესაძლებლობა ჩვენთვის, სტუდენტებისთვის. ხშირად ვავსებდი აპლიკაციებს, რომ საერთაშორისო პროექტებში მოვხვედრილიყავი. იყო ბევრი უარიც, მაგრამ იყო დადებითი პასუხებიც და ასე დავაგროვე ბევრი გამოცდილება. მერე სტრასბურგში წავედი 1 წლით, მოხალისედ. ეს იყო სიახლეებისა და ცოდნის მიღების წელი. ამ დროის განმავლობაში, ინგლისურთან ერთად, ვისწავლე ფრანგულიც. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ გამოიყენონ ეს უდიდესი შესაძლებლობა, გახდნენ ევროკავშირის პროექტის, ,,ერასმუსის” მონაწილეები.

სტრასბურგში მოხალისე რომ ვიყავი, მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ სორბონის უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ენაც არ ვიცოდი. მერე ნელ-ნელა ენაც ვისწავლე და სერტიფიკატიც ავიღე. მივხვდი, მაგისტრატურაში ჩაბარება შემეძლო და ჩემს თავს პირობა მივეცი, შემდეგი 2 წელი, ჩემს შესაძლებლობებს სრულად გამოვიყენებდი, რომ პროფესიულად გავზრდილიყავი”,- განაცხადა გიორგი ყარალაშვილმა.

ახალგაზრდა ამბობს, რომ უკვე დაეკონტაქტა საფრანგეთში მოქმედ კომპანიებს და ცდილობს სწავლასთან ერთად სამუშაოს პოვნასაც, რითიც იქ ცხოვრების ხარჯებს დაფარავს.

,,ადვილი არ არის სწავლობდე ასეთ უნივერსიტეტში, ჯერ ისიც არ ვიცი სად ვიცხოვრებ. უკვე დიდ კომპანიებს დავეკონტაქტე, რამდენიმე შემეხმიანა, აგვისტოს ბოლოს, ერთ-ერთ დიდ კომპანიასთან ორკვირიან დიზაინ სპრინტში ვიღებ მონაწილეობა. მაგისტრატურის დამთავრება და კარგი სამუშაო გამოცდილების დაგროვება არის ჩემი მთავარი გეგმა მომავალი ორი წლის განმავლობაში. მაინტერესებს მონაცემთა ვიზუალიზაცია და სურვილი მაქვს რაიმე ისეთი ვაკეთო, რაც კვეთაში იქნება სოციალურ მეცნიერებებსა და დიზაინთან. ასევე, ძალიან მიყვარს მუსიკა და ამ კუთხითაც შეიძლება რაიმე საერთოს გამონახვა და დიზაინთან ინტეგრაცია, ვეძებ იდეებს ამისთვის.
ვიცი, როგორი ძვირია პარიზში ცხოვრება, ამიტომ, აქედანვე ვცდილობ, რომ მუშაობა დავიწყო. სწავლის შემდეგ მინდა, რომ საქართველოში დავბრუნდე და აქედან გავაგრძელო საქმიანობა ან თავად წამოვიწყო რაიმე, რასაც პოზიტიური გავლენა ექნება ჩემი და ჩემი რეგიონის, ქვეყნის განვითარებაში.”

ფოტო: ცოდნის კაფე