Il Bel Paese, ანუ ყოველდღიურობა იტალიაში
რუბრიკას „გზა ევროპისკენ“ უძღვება
თინათინ ზურაბიშვილი, ბოლონიის უნივერსიტეტის დოქტორანტი
იტალია ყოველთვის მხიბლავდა. ამ ქვეყნის მეტსახელიც ხომ ბევრის მთქმელია, Il Bel Paese, ლამაზი ქვეყანა. რამდენიმე წლის წინ იტალიაში სასწავლებლად რომ წამოვედი, კი მესმოდა, რომ ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტი ვერ იქნებოდა ხელოვნებით, სილამაზით და ჰარმონიით განმსჭვალული, მაგრამ ვერც ის წარმომედგინა, მაინც როგორი იქნებოდა ჩვეულებრივი, ყოველდღიური, არაპოეტური ცხოვრება ამ საინტერესო და ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სწორედ ამის შესახებ მოგითხრობთ ამ ჩანაწერებში ჩრდილოეთ იტალიის მაგალითზე – როგორ ცხოვრობს ჩვეულებრივი ხალხი, რა ულხინთ და რა უჭირთ, რას ნიშნავს მათთვის ევროპა და ევროპელობა, რამ გამაკვირვა, რამ დამაფიქრა, რამ გამახარა, რამ შემაშფოთა, რამ აღმაფრთოვანა ჩემი ქართული გადასახედიდან…
-
ღიაობა
იტალიაში შობადობა ძალიან დაბალია, რის გამოც მოსახლეობა სულ უფრო და უფრო „ბერდება“ და იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება იმიგრანტებზე. სულ ცოტა, მილიონი შრომითი იმიგრანტი (მათ შორის, ქართველები) წლების მანძილზე ოჯახებს არჩენს იტალიიდან. მიგრანტების ფულადი გზავნილები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათი მშობლიური ქვეყნების ეკონომიკაში. ამავდროულად, იტალიელების ოჯახებისთვისაც არანაკლებ მწვავე მოთხოვნილებას პასუხობს მიგრანტების მიერ გაწეული შრომა, იქნება ეს მოხუცების მოვლა თუ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. იტალიელების უმრავლესობას მშვენივრად ესმის, რომ ქვეყანას სჭირდება იმიგრანტები; გასულ თვეში მთავრობამ შრომითი მიგრანტების კვოტაც გაზარდა 2022 წლისთვის. იტალიაში ისიც კარგად ესმით, რომ იმიგრანტებს თავისი ინტერესები, მატერიალური და ემოციური საჭიროებები აქვთ და გულწრფელად ცდილობენ გაითვალისწინონ და შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილონ ეს საჭიროებები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
პირველად ეს ეკლესიებში შევნიშნე. ერთ კვირა დღეს ქართველ ემიგრანტებს უნდა შევხვედროდი ბოლონიაში. ეკლესიაში შევხვდეთო, შემომთავაზეს. როგორც გაირკვა, იმ დღეს ბოლონიის ერთ-ერთი მთავარი საეკლესიო კომპლექსის, წმინდა სტეფანეს ეკლესია წირვისთვის ქართველ მრევლს დაუთმეს. როგორც შემდგომში დავრწმუნდი, ეს არ იყო გამონაკლისი შემთხვევა. იტალიაში ძალიან ბევრი ეკლესია უღებს კარს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მიგრანტებს – ზოგი ყოველდღიურად, მეტიც კვირაში რამდენიმე საათით, ზოგი ყოველდღიურად. მეტიც – შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ, რომ მიგრანტების მშობლიურ, ან მათთვის გასაგებ ენაზე ჩატარდეს ღვთისმსახურება, და მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ (ისევ და ისევ შესაძლებლობების ფარგლებში) აღსარება მათთვის სასურველ ენაზე თქვან.
ასეთი დამოკიდებულება, თავის მხრივ, იწვევს კათოლიკური ეკლესიის მზადყოფნას, იმიგრანტი სასულიერო პირები მიიღოს თავის რიგებში. იტალიის შედარებით პატარა ქალაქებში შევსწრებივარ იტალიელი ახალშობილების ნათლობას იმიგრანტი სასულიერო პირების მიერ, რომლებსაც, ზოგჯერ, შესამჩნევად უჭირდათ იტალიურად მეტყველება; კათოლიკურ წირვას ფრანგულ ენაზე – ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტებისთვის; მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას – რუმინულ, უკრაინულ, ქართულ ენებზე. იტალიელებს არ აშინებთ ასეთი „შემოჭრა“ – პირიქით, მიესალმებიან კიდეც და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ესმით ასეთი ცვლილებების გარდაუვლობა და აუცილებლობა. იტალიის ქალაქების წამყვანი ტაძრები უღებს კარს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მორწმუნეებს, მაშინაც კი, თუ ისინი კათოლიკეები არ არიან. უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილების ნაწილი მოქმედ ან დახურულ სამონასტრო კომპლექსებში დაასახლეს.
ღვთისმსახურების პარალელულად, იტალიაში ეკლესიებს ხშირად – და თამამად – იყენებენ ლექციების, სანგამანათლებლო სემინარების, კონცერტების და მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად. ბუნებრივია, ეკლესიებში ჩატარებული კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, გარკვეულწილად, რელიგიურ საკითხებს უკავშირდება, მაგრამ ძალიან ხშირად საუბარია ისეთი ღონისძიებების შესახებ, რომელიც არ არის მკაცრად და ცასლსახად რელიგიური, არამედ განიხილავს საკითხებს, რომლებიც უპირველეს ყოველისა საინტერესოა ისტორიის, ხელოვნების, არქიტექტურის და ა.შ. თვალსაზრისით.
ეკლესიების როლის ასეთი გაფართოება ქვეყნის ღიაობის და თანამედროვეობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. განა რა შეიძლება დაეშავებინა იტალიის კათოლიციზმისთვის ბოლონიაში წმინდა სტეფანეს კომპლექსის ერთ-ერთ უძველეს ეკლესიაში ჩატარებულ მართლმადიდებლურ მსახურებას ქართულ ენაზე, ან კიდევ ათასობით ანალოგიურ შემთხვევას? კვირაში რამდენჯერმე ამა თუ იმ ქალაქის დუომოს შთამბეჭდავი ინტერიერი სანგამანათლებლო აუდიტორიად თუ გადაიქცევა, განა ეს რაიმე საფრთხეს შეუქმნის რელიგიას?
გულახდილად რომ ვთქვა, საქართველოში ვერ წარმომიდგენია მსგავსი რამ…
ავტორის ფოტო: ბოლონიის წმინდა სტეფანეს საეკლესიო კომპლექსი 7 ეკლესიისგან შედგება. მათგან ერთ-ერთი უძველესია წმინდა ვიტალეს და აგრიკოლას ეკლესია.