მთის კვირეული – თუშეთი ორდღიან ტურისტულ ფესტივალს მასპინძლობს
მთის კვირეული თუშეთში – საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მხარე ორდღიან ტურისტულ ფესტივალს მასპინძლობს.
ექსტრემალური თავგადასავლებისა და ბუნების მოყვარულებს 16-17 ივლისს საშუალება ექნებათ თუშეთის ადათ-წესები და კულტურა უფრო ახლოს გაიცნონ.
მთის სავიზიტო ბარათს ვიზიტორები 16 ივლისიდან თუშეთსა და ყაზბეგში ნახავენ. შემეცნებითი ტურები, ქსოვის და რეწვის გაკვეთილები, მრავალფეროვანი მუსიკა, სპორტული ღონისძიებები – ეს იმ აქტივობის მცირე ჩამონათვალია, რომელზე დასწრებაც მთის მოყვარულებს კვირის ბოლოს შეეძლებათ.
წელს პირველად გაიმართება ხინკლის დღეები. პანდემიის შემდეგ მსგავსი ტიპის ღონისძიება რეგიონში პირველად ჩატარდება. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ფესტივალი ეკონომიკური სარგებლის მომტანიც იქნება.
სამზადისი, პარალელურად, მიმდინარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, პროცესში უცხოელი ვიზიტორებიც ჩაერთნენ. მიზანი – მთის პოპულარიზაციაა, ის, რომ ტურისტულად მიმზიდველი ადგილები დამთვალიერებლისთვის უფრო საინტერესო გახდეს.
ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. თუშეთისა და ყაზბეგის შემდეგ, ფესტივალს 23 ივლისიდან მესტია და შოვი უმასპინძლებენ.