ახალი ამბებისტატიები

,,ექიმის ბიო ღვინოები” გურჯაანიდან

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წარმოებული კრაფტული ღვინო იაპონიის ბაზარზე გადის.

სამი სახეობის ღვინის წარმოება ოჯახმა 2017 წლიდან დაიწყო. პირველი მოსავალი 2020 წელს მიიღეს და წელს ღვინის პირველი პარტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის.

,,ვენახი გავაშენთ 2017 წლიდან. ნაკვეთი მდებარეობს ფაფრის ველზე, მიკროზონაში. იმ წელსვე დავრგეთ საფერავის ჯიშის ნერგები. შემდეგ, გადავწყვიტეთ დაგვერგო რქაწითელისა და ხიხვის ნერგებიც. 2019 წელს რამდენიმე მტევანი იყო თითოეული ვაზის ძირზე. გავაცალეთ რათა ფესვები უფრო ღრმად წასულიყო და მეტი მინერალები შეეთვისებინა“, – აცხადებს Knews.ge-სთან ღვინისმწარმოებელი მარინა კაკიაშვილი–რუაძე.

ოჯახმა პირველი მოსავალი 2020 წელს მიიღო. მოსავალის დასაბინავებლად კი გადაწყვიტეს, მცირე ტიპის საოჯახო მარანი აეშენებინათ და ყურძენი ქვევრში ჩაეწურათ.

,,რადგან ნატურალური მეღვინეობის მიმდევრები ვართ, გადავწყვიტეთ მხოლოდ ბიო საშუალებებით შეგვეწამლა ვენახი და ცხენშებმული გუთნებით მოგვეხნა ისინი და დღემდე ამ მეთოდით ვმუშაობთ. არანაირ პესტიციდებს არ ვიყენებთ და ვხდებით ღვინის სხვადასხვა ასოციაციების წევრები“.

მარინას განცხადებით, სამივე სახეობის – რქაწითელის, საფერავის და ხიხვის ყურძნის წარმოების რაოდენობა 500 დან 1500 ბოთლამდეა. მარანი ორიენტირებულია პრემიუმ ხარისხის ღვინის წარმოებაზე.

,,ბევრ ღვინოს არ ვაწარმოებთ, ყურძნის მტევნებსაც ვტოვებთ გარკვეულ რაოდენობას თითოეულ ვაზზე. ბუნებრივი ნატურალური ღვინის ჩამოსხმის მეთოდი განსხვავდება ჩვეულებრივ მოყვანილი ყურძნისგან მიღებული ღვინისგან. ბოთლში ჩამოსხმა ხდება დაწურვიდან წელიწადნახევრის შემდეგ. ამიტომ, წინა წლებში არ ჩამოვასხით და წელს ჩამოვასხით 2020 წლის ღვინო“.

მისივე თქმით, კრაფტული ღვინით დაინტერესდა რამდენიმე უცხოელი ექსპორტიორი და უახლოეს პერიოდში ღვინო იაპონიის ბაზარზე გაიყიდება.

,,მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა გამოფენებში, კონკურსებში. ახლახანს ჩვენმა ღვინომ  მოიპოვა სომელიეს რჩეულის ჯილდო და ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენი ღვინით დაინტერესდა რამდენიმე ქვეყნის ექსპორტიორი, მათ შორის იაპონელი, ამერიკელი და ჰოლანდიელი. ახლა უკვე იაპონელ ექსპორტიორს ჩვენგან მიაქვს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ღვინო, გაიყიდება იაპონიაში კრაფტული ღვინის მაღაზიებში. იაპონიაში ჯერჯერობით გადის რამდენიმე ასეული ბოთლი ღვინო და ვგეგმავთ, რაოდენობის გაზრდას.  საქართველოში ჩვენი ღვინო იყიდება მხოლოდ 2 მაღაზიაში, თბილისსა და ბათუმში. გვაქვს ასევე, მოლაპარაკება სხვებთანაც, სადაც ალბათ მალე შევიტანთ ჩვენს ღვინოებს“.