ახალი ამბები

ხაჭაპურის ინდექსი ივნისში 28%-ით გაიზარდა

ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება და ის ქართული ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯებს ასახავს.

ISET Policy Institute-ის ინფორმაციით, ივნისში ხაჭაპურის ინდექსი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა. 2022 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 5.39 ლარი იყო, რაც 2.7%-ით ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე და 28.1%-ით მეტია 2021 წლის ივნისის მაჩვენებელზე. 2021 წლის ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი გაზრდილია.

კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, საკვები პროდუქტების ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი – უკრაინაში მიმდინარე ომმა და მიწოდების ჯაჭვებში არსებულმა სირთულეებმა სასურსათო პროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. ბაზარზე სასუქებისა და ენერგეტიკული ხარჯებიც იზრდება, რაც დამატებითი წნეხია ადგილობრივ ფასებზე.

„საქართველოში სურსათის ფასების ინფლაციაზე საერთაშორისო ფასებმაც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვეში სურსათის ფასები დაეცა, FAO-ს მონაცემებით, 2022 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ (2021 წლის ივნისთან შედარებით) 23.1% შეადგინა. FAO-ს მონაცემებით, ფასები დაეცა მცენარეული ზეთების, მარცვლეულისა და შაქრის კატეგორიებში, სამაგიეროდ გაიზარდა რძის პროდუქტებისა და ხორცის კატეგორიებში შემავალი პროდუქტების ფასები. საერთაშორისო ფასების ვარდნა, როგორც წესი, ადგილობრივ ბაზრებს დაგვიანებით გადაეცემა, თუმცა თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება და საერთაშორისო ფასები დასტაბილურდება, საქართველოში სურსათის ფასებზე არსებული წნეხი შეიძლება შერბილდეს“, – წერია ანგარიშში.