ახალი ამბები

დონატი- ევროპული ჯიშის ატამი გურჯაანიდან

გურჯაანის მუნიციპალიტში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ნიკა გეთიაშვილმა, მეურნეობაში ევროპული ჯიშის ატამი გააშენა. განსხვავებული ფორმის, ზომის და გემოვნური თვისებების ატამს, რომელიც მეწარმეს ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული, ევროპასა და საქართველოში განსხვავებული სახელები ჰქვია. ევროპაში მას სატურნის და დონატის სახელით იცნობენ, საქართველოში კი ხინკალა ატამს და ლეღვატამას ეძახიან.

ნიკა განმარტავს, რომ განსხვავებული ფორმის და გემოვნური თვისებებით გამორჩეული ატამი ქართულ ბაზარზე 5 წლის წინ შეიტანა. მისივე თქმით, თავიდან ყიდვის მსურველი ნაკლები იყო, თუმცა ახლა მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

,,5-6 წელია რაც ამ ჯიშით დავინტერესდი. საქართველოში ადრე ამერიკელებმა ჩამოიტანეს და რამდენიმე ადგილობრივს ჰქონდა დარგული, ოღონდ არა სარეალიზაციოდ. როცა გავიგე ამის შესახებ, მომეწონა და გადავწყვიტე, რომ ჩამომეტანა და კახეთში გამეშენებინა. 5 წლის წინ მოსავალიც მივიღე და სასიამოვნოა, რომ ნელ-ნელა მოთხოვნადი ხდება. ქართული ბაზარი თავისებურია ხდება როდესაც სიახლეს ადვილად იღებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა არ იღებს ადვილად. მაგალითად: ამ ჯიშის ატამი რომ ბაზარზე შევიტანეთ, დაგვჭირდა გარკვეული პერიოდი, რომ ხალხს გაეცნო. შესაბამისად მოიპოვა პოპულარობა და გასაყიდი ფასიც გაიზარდა. თავიდან 1 ლარი თუ ღირდა, ახლა გაათმაგებული ფასი ღირს, რადგან მოთხოვნაც გაიზარდა და გემოვნური თვისებების გამოც მოიპოვა პოპულარობა’’,- განუცხადა knews.ge-ს ნიკა გეთიაშვილმა.
მისი თქმით, ამ ჯიშის ატამს სხვადასხვა სახელს ეძახიან, თუმცა ის ევროპის ქვეყნებში პოპულარულია. მას ფორმის ფამო დონატადაც მოიხსენიებენ.

,,ეს ჯიში მრავალნაირია და ევროპაში ძალიან პოპულარულია. მაგიტომ მოსწონს ხალხს, რომ გემოც განსაკუთრებული აქვს. მოვლაც ჩვეულებრივ უნდა, არის მცირე განსხვავებები მაგრამ ყველაფერი გაკეთებადია ჩვენს პირობებში და არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს მაგისი მოყვანა. ამ ჯიშს სხვადასხვა სახელები აქვს მთელს მსოფლიოში. საქართველოში ეძახიან ხინკალა ატამს, ასევე ლეღვატამას, მაგრამ ევროპაში ეძახიან დონატს ან სატურნს თავისი ფორმის გამო. ‘’
ნიკა ამბობს, რომ გარდა ამ ჯიშის ატმისა, ასევე გასულ წელს მიიღო ე.წ. შავი ატმის მოსავალი, რომელიც მომწიფებისას სიშავეში გადადის და ძალიან გემრიელია.

,,მე სიახლეები ძალიან მომწონს. მაგალითად გასულ წელს განსხვავებული, შავი ატმის მოსავალი მივიღეთ. სიმწიფეში რომ შედის, ფერს იცვლის და სიშავეში გადადის. ესეც ძალიან გემრიელია. მოსავალს ვიღებ ისეთ დროს, როცა ატმის სეზონია, ზოგი არის ადრეულა და ზოგი გვიანი ჯიში.
ატამს ძირითადად ვყიდი თბილისში, ბათუმში და იმ ტურისტულ ქალაქებში, სადაც ბევრი ხალხი ცხოვრობს. შესაბამისი მოვლის პირობებშიც შორ მანძლზე ტრანსპორტირებასაც უძლებს. ამ ეტაპზე ნახევარ ჰექტარზე მაქვს ამ ჯიშის ატამი გაშენებული, თუმცა ახლა 3 ჰექტარზე ვაშენებ ატმის სხვადასხვა ევროპულ ჯიშებს’’-
განაცხადა ნიკა გეთიაშვილმა.
ნიკა სამომავლოდ სხვადასხვა ჯიშის ატმის მოსავლის ექსპორტს გეგმავს.