ახალი ამბები

კახეთში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა

“საქართველოს ოქროს ხელი” – ასე ჰქვია სამაცივრე მეურნეობას, რომელიც კახეთში ამოქმედდა.

მეურნეობა 1 080 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული და 5 სამაცივრე ბოქსს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მეურნეობას 250 ტონა პროდუქტის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქამდე სოფლებში ხილის რეალიზაცია ჭირდა, რადგან ფერმერებს პროდუქტი მალევე უფუჭდებოდათ, სამაცივრე მეურნეობამ კი მათ სარეალიზაციოდ მეტი შესაძლებლობა მისცა.

,,სამაცივრე მეურნეობა იდეალურად არის მოწყობილი. სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. უკვე დავიწყეთ ატმის ჩაბარება და რეალიზაცია. შემდგომში უკვე, სეზონის მიხედვით, სხვადასხვა ხილს ჩავიბარებთ. იგეგმება კენკროვანი კულტურების მიღება და რეალიზაციაც. რეგიონში სამაცივრე მეურნეობა ფერმერებისთვის დიდი ხელშეწყობაა. იქიდან გამომდინარე, რომ ხილი მალე ფუჭდება, ის რეალიზაციის შანსებს კარგავს, სამაცივრე მეურნეობის ხარჯზე კი, ხილი არ ზიანდება”, – აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ოქროს ხელისთვის” $74 000 მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტი USAID-ისა და “თიბისი სტარტაპერის” პროგრამის დახმარებით განხორციელდა.