ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი თელავს ესტუმრა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი სიგრიდ ბრეტელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ინიციატივების შესაფასებლად კახეთს ესტუმრნენ.

სიგრიდ ბრეტელი და მზია გიორგობიანი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულ, ირაკლი შიოშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გივი მეტრეველთან, თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად, თელავის ცენტრს ეწვივნენ, სადაც 200-ზე მეტ ლოკაციაზე განთავსდა დამისამართების ახალი ნიშნები და საფეხმავლო ტურისტულ ბილიკებთან დამონტაჟდა QR კოდები. გარდა ამისა, ქალაქში განთავსდა ენერგოეფექტური სკამები უფასო უსადენო ინტერნეტითა (WiFi) და ტელეფონის დამტენებით, რაც თელავში მყოფ ტურისტებს მეტ კომფორტს შეუქმნის. ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებასა და ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას.

კახეთში ერთობლივი ვიზიტი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში გაგრძელდა, სადაც ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სიგრიდ ბრეტელმა და მზია გიორგობიანმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერ, ალექსი ფიცხელაურთან ერთად, მოინახულეს მშენებლობის პროცესი და ადგილობრივებს შეხვდნენ.

ბაღი 50-მდე ბავშვისთვის ამოქმედდება და ადგილობრივი მასწავლებლებისთვის 12 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ახალი ბაღი აწყურში ადგილობრივ ოჯახებს დაეხმარება, რომ უზრუნველყონ ბავშვების განათლება და მეტი დრო მოახმარონ ეკონომიკურ აქტივობებს.

ვიზიტის ბოლოს, მზია გიორგობიანი და სიგრიდ ბრეტელი გაემგზავრნენ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ციხე-ქალაქ კვეტერაში. სადაც ევროკავშირისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება 600 მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ასევე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა. დამატებით მოეწყობა პარკინგი და საკემპინგე ადგილები, ასევე, წყლისა და ელექტროენერგიის წყაროები. ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება.