ახალი ამბები

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული თელავის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი გამართლდა

სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით ბრალდებულ, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

განაჩენის თანახმად, მამაკაცს ოჯახის წევრებზე ძალადობა არ ჩაუდენია. გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა. თავად მიხეილ გრემელაშვილმა საქმის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდეს გრემელაშვილის ოჯახის წევრებმაც. მიხეილ გრემელაშვილის ადვოკატი, ქეთევან ზაქარიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობდა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობდა.

მიხეილ გრემელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს. არჩევნებში ის „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, საკრებულოში ყოფნის პერიოდში კი პარტია დატოვა და „საქართელოს პატრიოტთა ალიანსს”შეუერთდა.