როგორ ხვდება კახეთის რეგიონი ტურისტულ სეზონს
პანდემიის შემდგომ, კახეთის რეგიონში ჩამომსვლელი ტურისტების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
იზრდება ასევე ტურისტული ადგილების რაოდენობა და რეგიონში ამ კუთხით არსებული სერვისები სულ უფრო მეტად მრავალფეროვანი ხდება. მიუხედავად პანდემიის შემდგომ არსებული პრობლემებისა და გამოწვევებისა, სპეციალისტები, აღნიშნული კუთხით მომუშავე პირები და თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეგიონი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება.
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ტურისტულად დატვირთული სეზონი თელავის მუნიციპალიტეტში არის მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე. უწყებაში განმარტავენ, რომ 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს ტურისტების სიმრავლე შეინიშნება და აქედან გამომდინარე, მაღალი დატვირთვით მუშაობს სასტუმროები და კაფე- რესტორნები.
,,გარდა ამისა, მაღალი დატვითვით მუშაობს სასტუმროები, რასაც ვერ ვიტყვით საოჯახო სასტუმროებზე. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო მეტი სტუმარი ჰყავს. შიდა ტურიზმის გააქტიურებამ საკმაოდ დადებითი როლი ითამაშა სასტუმროების და გასტრონომიული სფეროს ფუნქციონირებაში.
გარდა ამისა, გვაქვს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომლის მიზანია უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა, ტურისტული ინფრასტრუქტურის და პროგრამების, ტრანსპორტის, ძეგლებისა და დაცული ტერიტორიების, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული ფესტივალების, სახალხო დღესასწაულების და სხვათა შესახებ ინფორმაციის მიწვდა; ასევე, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა და სხვა”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების ინფორმაციითვე, ტურისტულ სეზონს თელავის მუნიციპალიტეტი მომზადებული ინფრასტრუქტურით ხვდება. მერიაში განმარტავენ, რომ ამისთვის სხვადახვა სახის პროექტები განხორციელდა.
,,ტურისტულ სეზონს მომზადებულები ვხვდებით. მანამდე, თელავში, QR- კოდები განთავსდა კულტურულ ობიექტებზე და ასევე ორ ლოკაციაზე QR კუბები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია თელავის ისტორიული ძეგლების და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული თუ ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიღება. ასევე განთავსდა ენერგოეფექტური სკამები, რომლებიც მზის ენერგიის გამოყენებით მუშაობს. მას აქვს უფასო wifi, ტელეფონის დამტენი და ლაითბოქსი, სადაც განთავსებულია თელავის ტურისტული რუკა და სხვა საინტერესო ინფორმაცია. ასევე იგეგმება ახალი პარკების გაშენება. ფუნქციონირებას დაიწყებს, პარტნიორი ქალაქი ბიბერახის მხრიდან დაფინანსებული, საკემპინგე ადგილი თელავში.
ის მიიღებს ავტომობილებით და კარვით მოგზაურებს, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების შემცირებას. გარდა ამისა, თელავში გაიხსნა 12 ნომრიანი ორი ახალი სასტუმრო. ასევე, დაახლოებით ორ თვეში, გაიხსნება კიდევ ერთი ახალი 33 ნომრიანი (70 ადგილი) სასტუმრო “ზოდიაქო“. ამჟამად სულ არის 145 საოჯახო და 35 სასტუმრო. თელავის საინფორმაციო ცენტრს, 2022 წლის იანვრიდან დღემდე, სულ 752 ვიზიტორმა (გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, პოლონეთი) მიაკითხა. ცენტრს აკითხავენ ინდივიდუალურად მოგზაური სტუმრები, რომლებსაც აინტერესებთ ინფორმაცია მიღება -განთავსების ობიექტების, ღვინის მარნებისა და ქარხნების, ტრანსპორტის და გიდების შესახებ”,-განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ტურისტულ სეზონს მზად ხვდება თუშეთიც. ამ დროისთვის გზა გახსნილია და მისი დათვალიერების შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს აქვს. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური განმარტავს, რომ ოფიციალურად თუშეთის გზა 5 ივნისს გაიხსნა ვიზიტორებისთვის.
მისი თქმით, თუშეთში ტურისტებს შეეძლებათ ისარგებლონ სხვადახვა სათავგადასავლო ტურებით, სადაც შეძლებენ ნახონ თემის სოფლებში შემავალი ინფრასტრუქტურა, უძველესი ისტორიული ძეგლები, დააგემოვნონ კერძები, დაათვალიერონ დაცული ტერიტორიები, ესტუმრონ საოჯახო მეურნეობებს და აგროტურისტულ ცენტრებს.
,,თუშეთის გზა ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი და მანამდე იყვნენ ტურისტები, რომლებიც პროფესიულ-სამეცნიერო სამუშაოებზე იყვნენ ჩამოსულები. გარდა ამისა, წელს ველოდებით ტურისტების რიცხვის ზრდას. შარშან, პანდემიის გამო, ამ კუთხით იყო პრობლემები და წელს იმედი გვაქვს აღმოიფხვრება. ტურისტების დიდ ნაკადს ველოდებით. მათ სხვადასხვა სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ,: ესენია: სათავგადასავლო, საფეხმავლო და საცხენოსნო ტურები, რომლითაც ადგილობრივები არიან დაკავებულნი. ასევე არის საოჯახო სასტუმროები და სხვადასხვა აგროტურისტული ცენტრები”,– განუცხადა Knews.ge-ს ალექსი ფიცხელაურმა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი აცხადებს, რომ კახეთის რეგიონი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება. მისი თქმით, მანამდე რეგიონის მუნიციპალიტეტებში, განხორციელდა სხვადასხვა სახის პროექტები, რომლებიც ტურიზმის განვითარებას და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
,,აღსანიშნავია, რომ აეროპორტ ,,მიმინოს” რეაბილიტაცია განხორციელდა და მალე დაიწყება შიდა ფრენები რამდენიმე მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს ტურისტების რიცხვის გაზრდას. გარდა ამისა, ეს იქნება გადაადგილების ოპერატიული საშუალება და დაიზოგება ტურისტის დრო. ამის შედეგად კი ის უფრო მეტ ხანს გაატარებს კახეთში და დახარჯავს მეტ ფულს, ეს კი იქნება მეტი შემოსავალი ბიზნესისთვის. ჩვენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს და სოფლის მეურნეობის კუთხით დასაქმებულებს აქტიურად ვხვდებით, ვაცნობთ შესაძლებლობებს, სახელმწიფო პროგრამებს, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ და სხვა.
პანდემიის მიუხედავად კახეთში ტურიზმი და ტურისტული ობიექტების მშენებლობა არ გაჩერებულა. გაიხსნა რამდენიმე სასტუმრო და ტურისტული ობიექტი, ყვარელში, თელავში, გურჯაანში და სხვა. უკვე მეოთხედ, კახეთმა მიიღო სუფთა რეგიონის სტატუსი და ეს მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც”,– განუცხადა Knews.ge-ს ირაკლი შიოშვილმა.
ტურიზმის სფეროში მომუშავე დაწესებულებებში აცხადებენ, რომ რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებობს გამოწვევები, თუმცა ისინი თვლიან, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ასევე, რეგიონიდან შიდა ფრენების აღდგენა, მათზე დადებითად აისახება და ტურისტების რიცხვის გაზრდას შეუწყობს ხელს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მცხოვრებ ახალგაზრდას, თეონა თაბორიძეს ეკო ტურისტული კომპლექსი ,,Melaanian Vintage’’ აქვს. პროფესიით ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრ ახალგაზრდას მსგავსი საქმიანობის დაწყების სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. მისი თქმით, საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმრო რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, მათ შორისაა გასტრონომიული მასტერკლასები, ისტორიული ადგილების დათვალიერება და გასვლითი ტურები ბუნებაში.
,,ჩვენი ეკოტურისტული მეურნეობა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ეს არის საოჯახო სასტუმრო, სხვადასხვა მასტერკლასები, ინოვაციური ეკომიმართულება, ბიო ნატურალური ჩაის შეთავაზება და სხვა. შიდა ფრენების დაწყება ძალიან კარგი სიახლეა. ეს არის ტურიზმისთვის დიდი წახალისება და სტიმული. კახეთის რეგიონზე, ოთხივე სეზონის განმავლობაში, მოთხოვნა სულ არის და ინფრასტრუქტურის მოწყობა, აეროპორტის ამუშავება სხვადასხვა ინტერესის მქონე ტურისტების ჩამოსვლას ხელს შეუწყობს. მაგალითად, როდესაც ბიზნეს ტურისტი ჩამოდის და მას მოკლე დროში უნდა ნახოს კახეთი, სწორედ ეს ფაქტი შეუწყობს ხელს, რომ გადმოფრინდეს, ნახოს ადგილები და ისევ გადაფრინდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სვანეთის მაგალითზე რომ ვთქვათ, ,,მიმინოც” ძალიან კარგად იმუშავებს”,- განუცხადა Knews.ge-ს თეონა თაბორიძემ.
იანვარ-აპრილის თვის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 820,796 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 36.2% აღდგენის მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი 642,343 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 52.2% აღდგენის მაჩვენებელი და 2021 წელთან შედარებით, 233.9%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
,,იანვარ-აპრილის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 582,297,301 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478,886,422 (+463.1%) აშშ დოლარით. ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს პარლამენტის, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობითა და Usaid-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის პროცესზე მუშაობა”,- აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.