ახალი ამბები

დღეს კახეთის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება

კახეთში, სასტუმროში „ამბასადორი კაჭრეთი“ ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.

ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით იმართება და მასში მონაწილეობას რეგიონში მოქმედი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, მეწარმეები იღებენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც ადგილობრივი მეწრამეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა გაიმართება. კახეთის ეკონომიკურ ფორუმს ასევე დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.

ფორუმზე დამსწრე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ კახეთის რეგიონში წარმოებული პროდუქციის დაგემოვნების პარალელურად, დაათვალიერონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი, რეგიონში მიმდინარე, დასრულებული და დაგეგმილი პროექტების ამსახველი გამოფენა. პანელურ სესიაზე, კი ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობისა და პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას წარადგენს. აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვლენ პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების თანამდებობის პირები.

კახეთის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს პანდემიის დასრულების შემდეგ, დარგის სტიმულირების, გაჯანსაღებისა და განვითარების მიზნით, კახეთის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ფართო აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისა და მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას, ასევე, ერთიანი საგამოფენო პლატფორმის შეთავაზებასა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.

კახეთის ეკონომიკური ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების ჩართულობითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთი“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.