ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტს მიმართა, სანქციების დარღვევა დანაშაულად აღიაროს
ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტს მიმართა თხოვნით, სანქციების დარღვევა დანაშაულად აღიაროს.
კერძოდ, საბჭო სთხოვს ევროპარლამენტს, რომ სანქციების დარღვევა დაემატოს დანაშაულების სიას, რომლებიც შეტანილია ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ შეთანხმებაში. ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი უზრუნველყოფს ევროკავშირის ტერიტორიაზე სანქციების აღსრულების თანაბარ დონეს და აღკვეთს ევროკავშირის ზომების გვერდის ავლის ან დარღვევის მცდელობებს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის კონტექსტში ევროკავშირმა გარკვეული რაოდენობის შემზღუდავი ზომები მიიღო და არსებითია, რომ ეს ზომები სრულად იყოს შესრულებული. ამჟამად წევრ სახელმწიფოებს აქვთ ძალიან განსხვავებული განსაზღვრებები იმისა, თუ რა წარმოადგენს შემზღუდავი ზომების დარღვევას და რა სასჯელი უნდა იქნას გამოყენებული დარღვევის შემთხვევაში.
ამან შესაძლოა, გამოიწვიოს სანქციების აღსრულების სხვადასხვა დონე და ამ ზომების გვერდის ავლის რისკი, რაც პოტენციურად სანქცირებულ პირებს მისცემს საშუალებას, კვლავ ჰქონდეთ წვდომა თავიანთ აქტივებზე და მხარი დაუჭირონ რეჟიმებს, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის ზომების სამიზნეს. ერთსულოვანი გადაწყვეტილება შემზღუდავი ზომების „ევროკავშირის დანაშაულების“ სიაში დამატების შესახებ შესაძლებელს გახდის დირექტივის მიღებას, რომელიც მოიცავს მინიმალურ წესებს ევროკავშირის შემზღუდავი ზომების დარღვევისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის და სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭო საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტს გადაუგზავნის. პარლამენტის მიერ დამტკიცებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ, ევროპული საბჭო გადაწყვეტილების ფორმალურად მიღებას შეძლებს.