საქართველოს ყავის იმპორტი 30%-ით გაუძვირდა
მსოფლიოში ყავის ფასი იზრდება, შესაბამისად, საქართველოსაც ყავის იმპორტი წლიურად უკვე 30%-ით გაუძვირდა.
ყავა მნიშვნელოვნად მიმდინარე წლის თებერვალში გაძვირდა, როდესაც საერთაშორისო ფასმა 10-წლიან მაქსიმუმს, ერთ ფუნტზე 2.60 აშშ დოლარს მიაღწია. მარცვლეულის მკვეთრი გაძვირება ჯერ კიდევ 2021 წლიდან დაიწყო, მაშინ ფასი 1.25 დოლარის ფარგლებში იყო, 1 წლის განმავლობაში კი, თითქმის გაორმაგდა და ახლა 2.25 დოლარს აღწევს.
მსოფლიოში ყავის ბაზარს ჯერ მშრალმა ამინდმა დაარტყა ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და ექსპორტიორ ქვეყანაში, ბრაზილიაში. შემდეგ მიწოდების ჯაჭვების რღვევა დაიწყო და გადაზიდვის ხარჯებიც გაიზარდა. ეს ყველაფერი კი წნეხად მწარმოებლებსა და გამყიდველებს დააწვა.
საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე რყევებმა საქართველოზეც იქონია გავლენა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებიდან ჩანს, ქვეყანას საზღვარგარეთიდან ყავის შემოტანა გაუძვირდა.
2022 წელს ყავის იმპორტი (მოცულობით) 24.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 2,832 ტონა ყავა შემოვიდა, რაშიც 9.9 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, 1 ტონის საშუალო ფასი კი 3,503 დოლარი იყო.
გასულ წელს 2,270 ტონა ყავა ვიყიდეთ და 6.1 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, 1 ტონა ყავის საშუალო ფასი 2,704 დოლარი იყო. შესაბამისად, წლევანდელი ფასი გასული წლის ფასზე 30%-ით მეტია.
საქართველოში ყავის 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნის სია შემდეგნაირად გამოიყურება:
ინდონეზია – 1,579 ტონა;
ვიეტნამი – 403 ტონა;
რუსეთი – 226 ტონა;
გერმანია – 155 ტონა;
იტალია – 102 ტონა.
საიმპორტო ყავის გაზრდილმა ფასმა პროდუქტი საქართველოს ბაზარზეც გააძვირა. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2022 წლის მაისში ქართველ მომხმარებლებს ყავა, ჩაი და კაკაო 16.8%-ით გაუძვირდათ წინა წლის მაისთან შედარებით.