საქართველოში აზარტულ თამაშებზე წვდომა 1,5 მლნ ადამიანს შეეზღუდა
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის შესაბამისად, აკრძალულ პირთა სიაში უკვე 1,5 მლნ ადამიანი მოხვდა.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დონდუამ რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი თამაშდამოკიდებული იყო. მისი თქმით, კანონის გამკაცრების შედეგად, კერძოდ, ასაკობრივი და სოციალური სტატუსის მიხედვით შემოღებული შეზღუდვის გათვალისწინებით, სიაში 1,5 მლნ ადამიანი მოხვდა.
ამასთან, როგორც მიხელ დონდუამ აღნიშნა, 1,5 მლნ ადამიანიდან 1370-მდე პირმა, ბიზნესს თვითნებური აკრძალვისთვის მიმართა.
„ძირითადი წილი, 99,9%-ზე მეტი მოდის კანონის შესაბამისად, აკრძალვაზე და არა ნებაყოფლობით შეტანაზე. როგორც იცით, ასაკობრივი ცენზი შემოვიდა და სოციალური სტატუსის მიხედვით, გარკვეული ზღვრები დაწესდა. სწორედ ამან ავტომატურად გამოიწვია ამ ადამიანების მოხვედრა აკრძალულ ადამიანთა სიაში. თუმცა, რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პირმა ან თვითონ, ნებაყოფლობით აიკრძალა თამაში და თავის თავი დაარეგისტრირა. ასეთი დაახლოებით 1370-მდე შემთხვევაა. ხოლო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18 „ქეისია“. ნებაყოფლობით აკრძალვის მაჩვენებელი, კერძოდ, 1300-ზე მეტი შემთხვევა, 3 თვისთვის (რაც ახალი რეგულაციები შემოვიდა), არ არის ცუდი შედეგები.
რაც შეეხება 1,5 მლნ ადამიანის შემთხვევას, არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ყველა მათგანი თამაშდამოკიდებული იყო, უბრალოდ, ეს არის პირთა წრე, რომელთაც ეზღუდება სათამაშო ბიზნესზე წვდომა“,- განაცხადა მიხეილ დონდუამ.