ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძე-ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ხელის შეშლა მიზანმიმართულად მოხდა

პარტია „ლელოს”ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ხელის შეშლას მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ცდილობდნენ.

ჯაფარიძს თქმით, მათი ვინაობა ცნობილია – ისინი საჯარო მოხელეები და პოლიციელები არიან და მათი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაბიჯს გადადგამს.

„ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა იმისათვის, რომ ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები გაგვეცნო და ჩვენ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი დაგვხვდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ შეხვედრისთვის მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხელი შეეშალა. ყველანი არიან იდენტიფიცირებულები. ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას ხელი შეუშალეს,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ეროვნულ თანხმობაზე შეთავაზებას თავდასხმით, აგრესიით და სამოქალაქო დაპირისპირების შექმნის მცდელობით პასუხობს.

„ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ “ქართული ოცნება” დაპირისპირებას, აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავი შევიკავეთ, რადგან ეს პროვოკაცია სწორედ იმიტომ იყო ორგანიზებული, რომ ჩვენგან საპასუხო რეაქცია მიეღო, რომ შესაბამისად, ეს მერე კადრებზე აღებეჭდათ და გაევრცელებინათ, თითქოს ეს მოსახლეობასთან დაპირისპირება იყო. ეს არის ქვეყანაში დაპირისპირების გაღრმავების მცდელობა, სამოქალაქო დაპირისპირების შექმნის მცდელობა. ეს იმართება ერთი ცენტრიდან, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია. სხვაგვარად ამის ახსნა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ორგანიზებულად ყველანი “ქართული ოცნების” შტაბიდან იყვნენ სწორედ იმ ადგილზე მობილიზებული, სადაც ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 29 ივნისს, სხვადასხვა ქალაქში პროევროპული კამპანიისთვის მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები დახვდნენ. ხელისუფლების მხარდამჭერები ევროპული კამპანიის წინააღმდეგ- ყვარელში ლელოს წარმომადგენლებს ” ქართული ოცნების” გუკშემატკივრები დაუპირისპირდნენ. “ლელო- საქართველოს” ერთ- ერთ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს ქართული ოცნების მხარდამჭერები დახვდნენ და მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელის შეშლა სცადეს. მათი განცხადებით, ბადრი ჯაფარიძეს, როგორც პოლიტიკოსს, საქართველოში გადაადგილების უფლება არ აქვს.