ახალი ამბები

სოფელ მატანში მცხოვრები სოფიკო მარუქაშვილი „Google Maps”-ის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად დაასახელეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები სოფიკო მარუქაშვილი გარდა ხელოვანისა და აქტიური მოქალაქისა, მოყვარული ფოტოგრაფია. ის, თვეებია, საკუთარი სოფლის და მუნიციპალიტეტის გაციფრულებას ცდილობს, მშობლიურ ადგილს აცნობს საზოგადოებას და სხვადასხვა კონკურსებში იღებს მონაწილეობას.

სოფიკო, ასევე, გუგლის მე-8 დონის ლოკალური გიდია და მის წვლილს გუგლის რუკაზე 5 მილიონამდე ნახვა აქვს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის „Google Maps”-ში ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი გახდა. სოფიკო ამბობს, რომ ფოტოგრაფია ბავშვობიდან აინტერესებდა. მის ობიექტივში მოხვედრილი ყველა დეტალიც კი საინტერესო და მიმზიდველია.

,,ვცხოვრობ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ვმუშაობ სოციალური მედიის მიმართულებით, ვარ სტაჟიორი, სოციალური მედია და გაციფრულების მიმართულებით, ახმეტის ინოვაციების ცენტრში. ასევე, გატაცებული ვარ ხელსაქმით და ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება.
ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიტაცებდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებმა უფრო შემაყვარა და ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახადა. მიყვარს ხასხასა ფერები, ჩემი სოფელი და ყველაზე ხშირად სოფლის კადრებია ჩემს ობიექტივში, ვინტაჟური გარემო, ჩემი სოფლის და არა მარტო, ისტორიულ ძეგლების გადაღება და ვცილობ აქამდე უცნობი დეტალებით და რაკურსით გადავიღო”,
– განუცხადა Knews.ge-ს სოფიკო მარუქაშვილმა.

სოფიკო ამბობს, რომ კონკურსებში აქტიურად მონაწილეობს და ამ დროისთვის რამდენიმე სიგელი და საჩუქარი აქვს მიღებული. რამდენიმე დღის წინ კი ,,Google”-სგან მიიღო წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფია „Google Maps”-ში.

,,ფოტოგრაფიის კუთხით მაქვს მიღებული რამდენიმე სიგელი და საჩუქარი. სულ ორიოდე დღის უკან ფოტო-კონკურსში ,,ჩემი თვალით დანახული კახეთი“, სოფელ მატანის ფოტომ სასიამოვნო საჩუქარი დაიმსახურა და ამ ყველაფერის ფონზე ამჟამად გავდივარ ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო კურსს ფოტოგრაფებისთვის ,,გამოსახულების ფაბრიკა“.

რაც შეეხება „Google Maps”-თან დაკავშირებულ ამ კონკრეტულ შემთხვევას, ყველაფერი დაიწყო დაახლოებით 1 წლის უკან, მონაწილეობა მივიღე პროექტში ,,გააციფრულე საქართველო “ ახმეტის ინოვაციების ცენტრთან ერთად. ეს პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მონაწილეობას იღებდა 17 მუნიციპალიტეტი. პირველი საპრიზო ადგილი მოვიპოვე და სწორედ მაშინ აღნიშნეს_ სოფიკომ თავისი სოფელი ყველაზე თვალსაჩინოდ ამოანათა გუგლის რუკაზეო.

ამ პროექტის ფარგლებში შევძელი, ფაქტიურად, მთელი სოფლის და მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილის გაციფრულება, არასწორი ადგილების დარედაქტირება, საინტერესო და ისტორიული ძეგლების დატანა გუგლის რუკაზე, ახალი ფერადი ფოტოებით შევსება და დღეს ვარ გუგლის ლოკალური გიდი მე-8 დონის, სულ 10 საფეხურია.

5 მილიონამდე ნახვები აქვს ჩემს წვლილს გუგლის რუკაზე, რაც ჩემთვის უფრო დიდი სტიმულია. ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა ჩემთვის ,,Google”-ის მიერ მოწერილი წერილი, სადაც მწერენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი ვარ „Google Maps”-ში”,– აცხადებს სოფიკო.

სოფიკო სამომავლოდ საქმიანობის გამრავალფეროვნებას გეგმავს. მისი განმარტებით, სასიხარულოა, რომ სოფელ მატანის შესახებ ინფორმაცია ბევრმა ადამიანმა გაიგო.

,,ძალიან სასიამოვნოა, რომ ბევრმა გაიცნო სოფელი მატანი ჩემი ფოტოებით. ზოგმა თავიდან აღმოაჩინა, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი პროექტები გაკეთდა ჩემს მიერ გადაღებული ფოტოების წყალობით სოფელში. სამომავლოდ აუცილებლად გავხდები ,,Googles Maps”-ის მე-10 დონის ლოკალური გიდი და მომავალ თაობას სიამოვნებით გავუზიარებ ჩემ გამოცდილებას.”

სოფო მარუქაშვილის ფოტოები: