ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში უძველესი რეცეპტებით დამზადებული საწებლების წარმოება დაიწყება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, წვენების მწარმოებელი კომპანია “კეთილი და პატიოსანი” უძველესი რეცეპტებით დამზადებულ საწებლებს გამოუშვებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამისათვის, საწარმო ახალი დანადგარებით აღიჭურვება, რომელიც რამდენიმე სახის ჩამოსხმის საშუალებით, საწებლების წარმოების შესაძლებლობასაც იძლევა და ამასთან დასალევი ხილ-ბოსტენულის ხაზს 18 მლნ ბოთლამდე გაზრდის. კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ახალაძე აცხადებს, რომ საერთო ჯამში, წარმოების გაფართოებისთვის 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია გამოიყო.

მისივე განმარტებით, ახალი ჩამომსხმელი ხაზი შეძენილია და სულ მალე განთავსდება საწარმოში, ხოლო პროდუქტი საბოლოო სახით ბაზარზე ახალი წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

“ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბრენდინგზე და რეცეპტებზე. ასევე ახალი პროდუტისთვის აქტიურად ვიმარაგებთ ნედლეულს. საწებლების რამდენიმე ვერსიას წარვადგენთ ბაზარზე, მათ შორის იქნება ტყემლს და პომიდვრის გემოებიც. ჩავატარეთ სპეციალური კვლევა და ეთნოგრაფიული ექსპედიცია 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც მოვიპოვეთ ძველი და საინტერესო რეცეპტები, სწორედ ეს იქნება ჩვენი პროდუქციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი. საწებლების 500 მლ–იანი შეფუთვა გათვლილი იქნება, როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე გავა ექსპორტზეც,”– აღნიშნავს, გიორგი ახალაძე.
წვენები აღნიშნული ბრენდის ქვეშ სოფელ ჩუმლაყში “ქართული აგროპროდუქტის” საწარმოში მზადდება, რომელიც თავის მხრივ წელიწადში 1000–1500 ტონა ხილის გადაამუშავებს.

კომპანიის წარმოებული წვენები გარდა ქართული ბაზრისა, ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გადის. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ პირველ ეტაპაზე 1205 ყუთი გაიტანეს და ბრიტანელებისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

„კომპანიის მიერ წარმოებული წვენების ექვსივე დასახელება გასულია ლონდონის ბაზარზე. 1 205 ყუთი იყო პირველი შესვლა და მისი რეალიზაცია იქვე მოხდა“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში „ქართული აგრო პროდუქტი“ განმარტავენ, რომ 2014 წელს სამაცივრე მეურნეობა აამოქმედეს, 2017 წლიდან კი ხილფაფებსაც აწარმოებენ.
მათივე ინფორმაციით, 2020 წელს ახალი პროდუქტის – დასალევი ხილ-ბოსტნეულის წარმოება და რეალიზება დაიწყეს. „კეთილი და პატიოსანის“ ბრენდით კომპანია 6 დასახელების დასალევ ხილ-ბოსტნეულს აწარმოებს და „ნიკორაში“, „გუდვილსა“ და „ევროპროდუქტში“ ყიდის.

საწარმოს ასამოქმედებლად კომპანიამ ჯამში 4.6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 600 000 ლარიანი გრანტი სოფლის განვითარების სააგენტომ გამოუყო, 1.5 მლნ ლარი კი შეღავათიანი აგროკრედიტი იყო.

,,2017 წელს გავხსენით ატმის, ვაშლატამას, ვაშლის, ქლიავის, ღოღნაშოს, ტყემლის, ფეიხოას, მარწყვის ხილფაფის წარმოება. ეს არის ნედლეული, რომელიც სხვადასხვა საბოლოო პროდუქტის საწარმოებლადაა საჭირო. ამ ხილფაფებს ყიდულობენ მწარმოებლები და ტყემლებს და წვენებს აკეთებენ. ხილფაფების საწარმოში იტალიური დანადგარებით ხდება ხილის გადამუშევება“, – განმარტავს კომპანიის დირექტორი.