სეტყვამ გურჯაანის სოფლებში ატმის ბაღები, ხეხილი და ვენახები გაანადგურა- ფოტოები
გუშინ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. სტიქიის შედეგად სოფელ ჩუმლაყსა და ახაშენში, ატმის ბაღები, ერთწლიანი კულტურები და ვენახები გაანადგურა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
,,ქარმა და სეტყვამ გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ატმის, გარგარის და სხვადასხვა ხეხილის ბაღები გაანადგურა. თითქმის მთლიანად განადგურებულია ვენახებიც. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ დაგვიანებით დაიწყო ამოქმედება.ამ დროისთვის გარგარი მოწეულია და მოსახლეობა უკვე კრეფდა. დაახლოებით 2 კვირაში ატმის და ვაშლაატამის კრეფაც უნდა დაწყებულიყო”,- აცხადებენ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი აცხადებს, სეტყვამ ჩუმლაყსა და ახაშენში 1000 ჰექტრამდე სხვადასხვა სახის კულტურები დააზიანა.
,,სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა სოფლები ჩუმლაყი და ახაშენი. დაზიანებულია ხეხილის ბაღები, სხვადასხვა სახის ერთწლიანი კულტურები და ვენახები. შესაძლოა დაზარალებულია 1000 ჰექტარი მოსავალი ან მეტი, ამის დასადგენად შესაბამისი კომისიაა გასული ადგილზე და მუშაობს. ფერმერების ნაწილს აგროდაზღვევა აქვთ რაც მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ წარმატებით იმუშავა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, რომ არა ეფექტური მოქმედება ამ კუთხით, მთლიანი მუნიციპალიტეტი დაისეტყვებოდა და ზარალი გაცილებით მეტი იქნებოდა”,- განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.
სახელმწიფო-სამხედრო-ტექნიკური ცენტრიდან გურჯაანში სეტყვის საწინააღმდეგო გასროლა არ გამხორციელებულა. ამის შესახებ, თავად სახელმწიფო- სამხედრო- სამეცნიერო- ტექნიკური ცენტრი “დელტა ” ადასტურებს.
ცენტრში განმარტავენ, რომ სეტყვასაშიში კერები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ახაშენში და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ვერ დამუშავდა.
“მიმდინარე წლის 15 ივნისს, კახეთის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოვიდა სეტყვასაშიში ღრუბლის მასები. სეტყვის მარცვლების ზომამ 57 მმ-ს მიაღწია. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1035 კმ2 შეადგინა.
უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდული კუთხეების გათვალისწინებით ჩუმლაყში, ახაშენში და ბოდბეში ვერ განხორციელდა სეტყვასასაშიში კერების დამუშავება და შედეგად, დაფიქსირდა მყარი ნალექის მოსვლის ფაქტი”-განმარტავენ ცენტრში.
ფოტოები: უჩა ქემაშვილი