ახალი ამბები

ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

პრემიერ მინისტრის კანდიდატურას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია წარადგენს. პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძე დაასახელა.

ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს. რეგლამენტის თანახმად, ამ დროის ფარგლებში კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ასევე, ფრაქციები მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ და პარლამენტის ბიუროს შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის გამართვა.

მთავრობისთვის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.