რატომ არის მნიშვნელოვანი შრომის უსაფრთხოების დაცვა
რა არის შრომის თავისუფლება და რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოების დაცვა? ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა: – დაცულია თუ არა ჩვენს ქვეყანაში შრომის უფლებები და უსაფრთხოება? – ამ საკითხზე საუბრობს შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტორი ხათუნა ბრეგვაძე.
მოკლე სტატისტიკა:
საქართველოს პროფკავშირების მონაცემებით 2007-2016წწ. სამუშაო ადგილზე დაღუპულია 416 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 716 დასაქმებული. მარტო მშენებლობაზე გარდაიცვალა 40 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი. ეს მონაცემები იმას მიგვანიშნებენ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ქმედითი ღონისძიებაა გასატარებელი როგორც საკანონმდებლო კუთხით, ისე სამოქალაქო სექტორშიც. გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული აქვს ვალდებულებები შრომის უფლებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასევე, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ჩვენი დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
ეფექტიანი შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის სამი უმნიშვნელოვანესი მიზეზი არსებობს, სამართლებრივი, ფინანსური და მორალური. რას გულისხმობს ეს? გამართული შრომის უსაფრთხოების სისტემის მუშაობისას კომპანია, ორგანიზაცია დაცულია გაუთვალისწინებელი საჯარიმო სანქციებისგან, ფინანსური ხარჯებისგან და რაც მთავარია, დაცულია ადამიანების-დასაქმებულების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
2019 წლის 19 თებერვალს ძალაში შევიდა საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“. იმავე წლის 1 სექტემბრიდან ეს კანონი ვრცელდება შრომის უსაფრთხოების სფეროში ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, მათ შორის საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.
ამ კანონის მიზანია იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომელიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს.
– ქალბატონო ხათუნა, რატომ გახდა შრომის უსაფრთხოების დაცვა ასეთი აქტუალური?
-ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის, მიხარია, რომ ინტერესი სწორედ რეგიონალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ გამოხატა.
შრომის თავისუფლება და შრომითი უფლებების დაცვა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. (26-ე მუხლის პირველი პუნქტი) საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები შრომით უფლებებთან და უსაფრთხოებასთან მიმართებაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ასევე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციით განსაზღვრულია სხვადასხვა სახის რეკომენდაციები. ევროპის სოციალურ ქარტიის მე-2 ნაწილში სამი მუხლი აქვს დათმობილი შრომის უფლებას უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებში. გარდა ამისა, 2019 წლამდე არსებული სტატისტიკის მიხედვით, განსაკუთრებით, მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ადამიანების დაღუპვისა და მძიმედ დაშავების ფაქტების სიმრავლე მეტყველებდა ამ კუთხით ქმედითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე.
უკვე სამი წელია აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტიები ახორციელებენ საქმიანობას. წინა წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ამ კუთხით, მაგრამ ცნობიერების საკითხი მაინც აქტუალურია. შრომის ინსპექციის სამსახურის 2021წლის საქმიანობის ანგარიშში, ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განხორციელებული შემოწმებებისას გამოვლენილ დარღვევებში, ერთ-ერთი მაღალი პროცენტი მინიჭებული აქვს სწავლება/ინსტრუქტაჟების ჩატარებას. რასაც ზოგადად ყველაზე ნაკლები დრო და ყურადღება ეთმობა ორგნიზაციებში.
-როგორ ფიქრობთ, დამსაქმებლებმა, განსაკუთრებით რეგიონებში, როგორ უნდა განახორციელონ ეფექტიანი ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება ორგანიზაციებში.
-კანონმდებლობის (საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მუხლი 7, პუნქტი 2) თანახმად ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის სუბიექტს უნდა ჰყავდეს დანიშნული ან მოწვეული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი (სერტიფიცირებული). შესაბამისად, მან უნდა განახორციელოს საქმიანობა, მოაწესრიგოს დოკუმენტაცია და ჩაატაროს ტრენინგები და ინსტრუქტაჟები. ჩემ მიერ ჩატარებული გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ტრენინგების ორგანიზება და განხორციელებაა პრობლემური საკითხი. ამიტომაც სავალდებულო მოდულად არის შეტანილი აკრედიტებულ პროგრამაში.
-ხომ არ გეგმავთ ტრენინგების ჩატარებას კახეთის რეგიონში?
-ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მინდა ადამინებს დავეხმარეო ამ კუთხით. გავუზიარო ჩემი გამოცდილება და ცოდნა. თუ დაინტერესება იქნება აუცილებლად დავგეგმავ ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდებისა და მიმართულებების შესახებ ტრენინგს. თუ დასაქმებულს არ ექნება იმის ცოდნა რაოდენ მნიშვნელოვანია სამუშაო გარემოში ჯანსაღი პირობები, გამართული ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე, მის გარშემო მყოფი პირების უსაფრთხოდ შრომა, ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ დასახულ მიზანს. კანონმდებლობაც და საერთაშორისო გამოცდილების შედეგად მიღებული რეკომენდაციებიც დარჩება მხოლოდ ფურცელზე. რამდენიც არ უნდა ვზარდოთ საჯარიმო სანქციები, სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ და ეს კოლოსალური თანხები ბიზნესზე ძალიან მტკივნეულად აისახება. მით უფრო ახლა, მძიმე პანდემიური 2 წლის შემდეგ, როცა ბიზნესი ცოცხლდება. შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით უდიდესი როლი ენიჭებათ მმართველ მენეჯერებს – დირექტორებს. მთელი პასუხისმგებლობა მათზეა გადასული. პირველ რიგში ისინი უნდა აცნობიერებდნენ კარგად, რა დიდი მნიშვნელობა აქვს საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვას და შემდგომ მის შესრულებას. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთად, როგორ ვიცხოვროთ და ვიშრომოთ უსაფრთხოდ!