ახალი ამბები

სოფელ ტიბაანში არტიშოკის და ჯანჯაფილის წარმოება დაიწყეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მცხოვრებმა მეწარმემ, მალხაზ ბიძინაშვილმა, არტიშოკის და ჯანჯაფილის წარმოება დაიწყო.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სახის პროდუქტის მოყვანით 3 წლის წინ დაინტერესდა, თუმცა გასულ წელს გადაწყვიტა ისეთი პროდუქტის მოყვანა, რომელიც საქართველოს ბაზარზე ნაკლებად მოიპოვება.

მალხაზ ბიძინაშვილი აცხადებს, რომ არტიშოკი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მეწარმე ამბობს, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო წელს მეურნეობა გააფართოვა და არტიშოკის გაზრდილ მოსავალს ელოდება.
მისი თქმით, მცირე მოცულობის არტიშოკის ბაღი გასულ წელს ევროკავშირის 5 000-ლარიანი გრანტით გააშენა და ბაღისთვის საჭირო მცირე ტექნიკა სწორედ ამ ფინანსური რესურსით შეიძინა.

,,სოფლის მეურნეობის კუთხით საქმიანობა დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე, მინდოდა სიახლე შემომეტანა და მცირე ნაკვეთებზე გამეშენებინა ისეთი პროდუქტები, რაც ნაკლებად არის გავრცელებული საქართველოში. პირველად გადავწყვიტე არტიშოკის შემოტანა, ვიცოდი, რომ იყო მისი სახეობები იყო გავრცელებული აქ, მაგრამ მოდიოდა ველურად და ამავლებდნენ როგორც ყვავილს და დეკორატიულ მცენარეს. ამიტომ გადავწყვიტე ევროპიდან შემომეტანა სათესლე მასალა და საცდელად რამდენიმე ასეული ძირი დამერგა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და გადავწყვიტეთ წარმოების გაფართოვება. ახლა 1 ჰექტარ მიწის ფართობზე გვაქვს არტიშოკი გაშენებული და აგვისტოში 6 ტონამდე მოსავალს ველოდებით ”,– განუცხადა Knews.ge-ს მალხაზ ბიძინაშვილმა.

მეწარმე ამბობს, რომ არტიშოკის მოსავალს ძირითადად ინტერნეტით იღებს. მისი თქმით, ასევე აქვთ ადგილზე მიტანის სერვისიც და კვირაში ერთხელ შეკვეთილი პროდუქტი მომხმარებლამდე მიაქვთ.
,, შარშან მეგობრებთან ერთად დავიწყე პროდუქციის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა. შევქმენით ფეისბუქ გვერდი ,,Geo Artichoke” და მისი საშუალებით დავიწყეთ პროდუქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. მივიღეთ დიდი გამოხმაურება. გვერდის საშუალებით ვიღებთ შეკვეთებს და კვირაში ერთხელ მიგვაქვს. ადგილზე მიტანის სერვისიც გვაქვს, ვაგზავნით კიდევაც და ადგილზეც ვყიდით პროდუქციას. ჩვენს მიერ მოყვანილი არტიშოკი ჯერჯერობით მარკეტებში არ იყიდება, თუმცა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მარკეტებთან, რომ შევიდეს ჩვენი პროდუქტი”,- აღნიშნა მალხაზ ბიძინაშვილმა.

მეწარმე ამბობს, რომ არტიშოკი გამოირჩევა გემოვნური და სამკურნალო თვისებებით. მისი თქმით, ევროპაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაში ის არის ყველაზე პოპულარული მცენარე.
,,არტიშოკი გამოირჩევა ძალიან კარგი ქიმიური შემადგენლობით, შეიცავს რკინას, კალციუმს, ფოსფორს, ვიტამინებს – С, В1, В2, В3, Р, А. ასევე შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ორგანულ მჟავებს.
არტიშოკი ასევე წარმოადგენს დიეტურ პროდუქტს, ის კარგად შეითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ და ითვლება სახამებლის შემცვლელად, რომელიც შესაძლოა მოიხმარონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა. უძველესი დროიდან ეს კულტურა გამოიყენება პადაგრისა და სიყვითლისაგან გამოჯანმრთელების პროცესის დასაჩქარებლად.
არტიშოკი არის ღვიძლის და თირკმელების ძლიერი გამწმენდი საშუალება. საკვებად გამოყენების გარდა არტიშოკისაგან ამზადებენ სხვადასხვა სახის ნაყენებს, სამკურნალო ბულიონებს და გამოიყენებენ სამკურნალო დანიშნულებით. მისი ფოთლებისა და ყუნწების ნახარში გამოიყენება როგორც ქოლესტერინის დარეგულირების საშუალება, ასევე არეგულირებს შარდმჟავას კონცენტრაციას სისხლში”,-
აცხადებს მეწარმე.

გარდა არტიშოკისა, მეწარმემ USAID-ის ხელშეწყობით ჯანჯაფილის საცდელი მეურნეობაც მოაწყო. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნა იქნება, წარმოების გაზრდის საშუალება მიეცემათ.
„USAID-ის პროგრამით ჩვენს მეურნეობას ჯანჯაფილის თესლი და სათბილობელი გადმოგვეცა. ვინაიდან საქართველოში ამ კულტურის მოყვანის პრაქტიკა არ გვაქვს, ამავე პროგრამით ჩვენ USAID-ისგან უფასო კონსულტაციებსა და ინსტრუქციებს ვიღებთ. აქ ძირითადად შემოდის თურქული პროდუქცია და გარკვეული მიზეზების გამო, სწორედ ამისი დეფიციტი შეიქმნა. ამის გამო დღის წესრიგში დადგა ჯანჯაფილის საქართველოში მოყვანა. ჩვენი საცდელი მეურნეობა 2 000 კვადრატზეა გაშენებული, აგვისტოში გვექნება პირველი მოსავალი და თუ იქნება მოთხოვნა წარმოებას გავზრდით მომავალ წელს.”

მეწარმე ასევე მცირე სასათბურე მეურნეობას ფლობს, სადაც სხვადასხვა სახის პროდუქტი მოყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მისი თქმით, სამომავლოდ გეგმავს მეურნეობის გაფართოვებას და მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის ეგზოტიკური თუ ტრადიციული პროდუქტების მოყვანას.