ახალი ამბები

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების საფასური 1 ლარი იქნება

პირველი აგვისტოდან თელავის მუნიციპალური ტრანსპორტი ფასიანი გახდება და გადაადგილების საფასური 1 ლარი იქნება.
გადაწყვეტილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები, ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ბენეფიციარები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სოციალურად დაუცველი პირები, მგზავრობის დროს, შეღავათებით ისარგებლებენ და 50 თეთრს გადაიხდიან.
როგორც knews.ge-ის თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს მარშრუტების რაოდენობა იზრდება.
“აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ავტობუსები 8 სამარშუტო მიმართულებით იმოძრავებს, რომელიც მოიცავს ქალაქ თელავს და ახლომდებარე სოფლებს – კურდღელაურს, ვარდისუბანსა და შალაურს”,_ განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა.