შენობების ენერგოეფექტურობის რეგულაცია, შესაძლოა, ისევ გადავადდეს
კერძო და საჯარო სექტორისთვის შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის ფარგლებში ახალი რეგულაციების ამოქმედება სავარაუდოდ კიდევ გადავადდება.
კანონი ძალაშია, თუმცა როგორც ირკვევა, მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი რგოლი ამისთვის მზად არ არის.
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა მშენებლობის ნებართვის გამცემ რგოლში პანდემიის გამო შესაბამისი კადრების მომზადება ვერ მოესწრო და ცვლილებების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა. როგორც ჩანს კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი რგოლი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროა, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების დროულ მიღებას და სათანადო კადრების მობილიზებას, ვერც მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ასწრებს, ამიტომ შესაძლოა კანონის აღსრულების ვადამ კიდევ გადაიწიოს. ამის შესახებ bm.ge-სთან ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი საუბრობს, რომელიც უშუალოდ არის ცვლილებების ავტორი და ასევე აქტიურ კომუნიკაციაშია სამინისტროსთან.
რაც შეეხება კანონის მოთხოვნებს, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მაგალითად შენობის სახურავი, კედლები ან იატაკი. კანონის მოქმედება ვრცელდება ასევე უკვე არსებულ შენობებზე, რომელიც რეკონსტრუქციას საჭიროებს.
კანონი შედარებით ლიბერალურია სამრეწველო საწარმოების მიმართ. მაგალითად პირველი კატეგორიის საწარმოებს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ ენერგო აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვთ.
„ახლა მიმდინარეობს მუშაობა მეორად კანონმდებლობაზე, კანონქვემდებარე აქტებზე და იმ საფუძვლის მომზადებაზე, რომ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები იქნას შესრულებული. გარკვეული ჩამორჩენაა მზაობის კუთხით. სავარაუდოდ ინიცირებული იქნება ახალი ვადების შეთავაზება ბაზრისთვის, რადგან მხოლოდ კანონქვემდებარე აქტის შემუშავება არ უზრუნველყოფს წინაპირობებს მასში განსაზღვრული დებულებების ფუნქციონირებისთვის. სტრუქტურა უნდა შეიქმნას, უნდა მომზადდეს ადამიანი რესურსი, რომელსაც გარკვეული დრო და ვადები სჭირდება.
აქტიური სამუშაო პროცესი მიდის, სავარაუდოდ სხვადასხვა ვადა იქნება სხვადასხვა მოთხოვნაზე იმის მიხედვით, თუ რამდენად არის კერძო სექტორი მზად, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, კერძო სექტორის მზაობა არ არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროცესში, არამედ იმ ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსის და ინსტიტუციების მზაობა, რომელიც საჭიროა პროცესის ადმინისტრირებისთვის. კერძო სექტორის მზაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყველაზე კრიტიკული ამ პროცესში“-აცხადებს გიორგი აბულაშვილი.