შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტი შესაძლოა 1 სექტემბრიდან ამოქმედდეს – სამინისტრო
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 4 ძალაში შედის, თუმცა ამ დრომდე უცნობია 2 დოკუმენტის ბედი.
მათ შორისაა მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენები. კერძო სექტორი აცხადებს, რომ საკითხთან მიმართებით კომუნიკაცია 3 წელია მიმდინარეობს, თუმცა პროცესები დროში გაჭიანურდა და კონსენსუსი საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა უნდა მოხდეს, ამ დრომდე მიღწეული არაა.
“რეფორმა იგვიანებს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თუ სხვა სახეობების შესახებ რეგლამენტები ასე სწრაფად შეიძლებოდა შესულიყო ძალაში, რატომ არ შეიძლებოდა ასევე სწრაფად შესაფუთ ნარჩენებზე რეგლამენტის ძალაში შესვლა. ეს კითხვა პასუხგაუცემელია. რა ცვლილებებითაც ახლა არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც დამუშავდა და შემდეგ მუნიციპალიტეტში მოხდა ცვლილება, ბიზნესისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ესაა სტატუს-კვო, არც აქეთ, არც იქით, მე ვერ გაგცემთ პასუხს, როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს”, – აცხადებს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება ააიპ “ჯორჯია ფლასის” წევრი, ალექსანდრე რატიშვილი.
დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს, წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა და ისეთი სქემა დაიდო, რამაც ბიზნესის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. კერძო სექტორი აცხადებს, რომ ცვლილებები, რომელიც კანონქვემდებარე აქტში შევიდა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპს არღვევს.
“მივიღეთ ე.წ სუროგატი დოკუმენტი, რომელიც უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას თანხების მობილიზებაზე და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შევსებაზე, ვიდრე ხარჯთეფექტური სქემების ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს. ჩვენ დღესაც მზად ვართ, რომ ეს დოკუმენტი მიღებულ იქნას და შევუდგეთ ჩვენ ამ სქემების დანერგვას თითოეულ მუნიციპალიტეტში. არამარტო მსხვილ, არამედ პატარა მუნიციპალიტეტებშიც, რომლებიც ასე ელიან ჩვენი მხრიდან თანამშრომლობას, რადგან ეს საკმაოდ დიდ შვებას მისცემდა მათ ბიუჯეტებს, ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას და ნარჩენების ეფექტური მართვას”, – ამბობს შესაფუთი მასალების ნარჩენების მწარმოებელთა გაერთიანება ააიპ “ჯორჯია ფლასის” თავმჯდომარე გივი კალანდაძე.
bm.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ნაწილი, რატომაც ბიზნესი შეცვლილ დოკუმენტს აკრიტიკებს, პროცესებში მუნიციპალიტეტების ჩართულობაა. უფრო კონკრეტულად, სახეცვლილი დოკუმენტით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შეგროვებული ნარჩენი, რომელსაც აქვს გარკვეული ტიპის ღირებულება, უნდა გადავიდეს მუნიციპალურ საკუთრებაში, რაც ბიზნესს არ აწყობს.
ბიზნესთან უთანხმოებას უარყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტულ სქემაზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც მიმდინარე პროცესებში ბიზნესის დანახარჯი იქნება ნაკლები.
“ვერ ვხედავ იმას, რომ ბიზნესთან რამეზე ვერ ვთანხმდებოდეთ. ბიზნესი იაზრებს, რომ მათი წილობრივი მონაწილეობა ნარჩენების მართვაში მოცემულობაა და ესეც უნდა იყოს. აქ მთავარი შესათანხმებელი არის პროცედურული დეტალები მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ ხელისუფლების ორგანოებს შორის. აქ არის მთავარი გამოწვევა. ჩვენ სწორი მოდელი უნდა დავდოთ, მოდელი, რომელიც იმუშავებს და არ იქნება მხოლოდ ფურცელზე”, – აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ამბობს, რომ დოკუმენტი წესით კერძო სექტორთან წლის ბოლომდე უნდა შეთანხმდეს. თუმცა სხვა ვადებს ასახელებს ჩვენთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ შესაფუთ ნარჩენებთან დაკავშირებული რეგლამენტი 1 სექტემბრიდან მიღებული უნდა იყოს.
“სიმართლე გითხრათ, ეს არის ურთულესი საკითხი. არაფერს არ ვამძიმებ. ამ პროცესს დაემთხვა პანდემია ეს უნდა გავითვალისწინოთ, ჯერ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში როგორ ამუშავდება ეს 4 რეგლამენტი, ამასაც ვუყურებთ. ესეც ერთგვარი ინდიკატორი იქნება ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგლამენტი 1 სექტემბრიდან მიღებული უნდა იყოს”, – ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.
ცნობისთვის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეფორმის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ვალდებულება 2022 წლის 1 ივლისიდან ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს ექნებათ.