განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური რეფორმებისთვის IBRD საქართველოს €358.5 მლნ-ს გამოუყოფს
საქართველო რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისგან 358 500 000 ევროს სესხს იღებს.
შეთანხმება, რომელსაც საქართველოს მთავრობასა და IBRD-ს შორის 2022 წლის 30 მარტს მოეწერა ხელი, საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაფინანსებას ითვალისწინებს. საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს. პროგრამის დეტალებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, სასესხო შეთანხმება ითვალისწინებს 6 წლის მანძილზე რეფორმების მხარდაჭერას განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროგრამის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებული სისტემები და სერვისები უფრო ეფექტური გახდეს.
“ერთ-ერთი მიზანია, განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დანახარჯების ეფექტიანობის გაუმჯობესება, შესაბამისი ადმინისტრაციული და ფინანსური მექანიზმების დამტკიცებისა და განხორციელების მეშვეობით. აქ იგულისხმება ისეთი ტიპის აქტივობები, როგორიცაა ზოგადი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი, ჯანდაცვის მართვის კუთხით დიაგნოზზე შეჭიდებული მართვის სისტემის დანერგვა, სოციალური დაცვის მიმართულებით, სოციალურად დაუცველთა ფორმულის გადახედვა და ახალი მოდელის შემუშავება”, – აღნიშნა ეკატერინე გუნცაძემ.
მისი თქმით, პროგრამის მიზანია, ასევე, სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში არსებული სერვისებისთვის შესაბამისი ხარისხის სტანდარტების დამტკიცება და განხორციელება, მათ შორის, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის სრულყოფილი დანერგვა, უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ახალი სისტემის დანერგვა. სოციალურად დაუცველ სერვისებში ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების ჩართულობის ზრდა.
სამივე სფეროსთვის ციფრული სერვისების განვითარება, როგორც განათლების, ისე ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სისტემების მიმართულებით, მათ შორის, სასკოლო ციფრული სამოქმედო გეგმების სისტემის აწყობა, პირველადი ჯანდაცვის ელექტრონული სისტემის სრულყოფილი გამართვა, ასევე, დისტანციური სამედიცინო სისტემების დანერგვა და სოციალური დაცვის სერვისების პროგრამებს შორის ინტეგრაციის გაუმჯობესება.
“მსოფლიო ბანკი დაინტერესებულია ამ პროგრამის წარმატებით, ვინაიდან მათთვისაც ეს არის პირველი შედეგზე ორიენტირებული პროგრამის ინსტრუმენტი, რომლსაც იყენებენ ადამიანური კაპიტალის პროექტისთვის”,– განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
პროგრამის დასრულების თარიღი 2028 წლის 31 დეკემბერია.