ახალი ამბები

სამთავრობო კომისიამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა მოიწონა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისიის რიგით მე-2 სხდომა გაიმართა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამთავრობო კომისიამ მოისმინა დეცენტრალიზაციის 2020–2025 წლების სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, რომელიც კომისიის წევრებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ წარუდგინა.

ირაკლი ქარსელაძემ კომისიას გააცნო ინფორმაცია ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რომელიც სამოქმედო გეგმით განსაზღვრული იმ 3 სტრატეგიული მიზნის ფარგლებში განხორციელდა როგორებიცაა – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ადგილობრივი თვითმმართველობის მატერიალური და ფინანსური გაძლიერება და სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

კომისიის სხდომაზე განიხილეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტიც. პროექტით განსაზღვრული ამოცანები და აქტივობები გამომდინარეობს სტრატეგიული მიზნებიდან და შემუშავებულია წინა წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს გაძლიერებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.

„მოვისმინეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. ასევე, განვიხილეთ 2022- 2023 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც სამი ძირითადი სტრატეგიული მიზნის მრავალ მიმართულებას მოიცავს და რომლის შედეგადაც გაძლიერდება თვითმმართველი ერთეულების შესაძლებლობები, როგორც მმართველობითი კუთხით, ისე ფინანსური რესურსებით, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების განვითარებას,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის თქმით, 2020-2021 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების 90% სრულად არის შესრულებული, ხოლო 10%, რომელიც კოვიდ პანდემიის გამოწვევების გამო მეტწილად შესრულებულია, 2022 წელს დასრულდება.

„ეფექტური 2 წლიანი პერიოდის გათვალისწინებით, მომდევნო 2022-2023 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა კვლავ სამ ძირითად ამოცანას უკავშირდება და მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, როგორც მუნიციპალიტეტების უფლებამოსილების გაზრდის მიმართულებით, ისე მათი ფინანსური და დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების მიმართულებით.
ასევე, რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის და სხვა შესაბამისი შეფასებითი სისტემების დანერგვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ამ ამოცანების მისაღწევად დაგეგმილი კონკრეტული ინიციატივები, რის შედეგადაც 2025 წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% გახდება. წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნის მიღწევაში,“-
განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია მთავრობამ 2018 წელს შექმნა. კომისიის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მთავრობის წევრები და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციების წარმომადგენლები. კომისიის მთავარი ამოცანა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში ხელშეწყობაა.