ახალი ამბები

თელავის საკრებულოს წევრი თვითმმართველობას სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დროულად დახმარებას სთხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, გიგი გიგიტელაშვილის ინფორმაციით, ერთი თვის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ისევ ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადენს, რომ ძლიერი ქარის შედეგად გადახდილი სახურავების ნაწილი, სოფლებსა და ქალაქ თელავში, დღემდე გადაუხურავია.

“ამდენი დრო გავიდა და ხალხი ისევ ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი. ინფორმაციაც კი არ აქვთ, აპირებენ დახმარებას, თუ არა. ზოგი სახლი მთლიანად გადახდილია, ზოგი კი ნაწილობრივ. ზარალის დამთვლელი კომისიები იყვნენ, მაგრამ რამდენად სწორად დაითვალეს, რა კომპეტენცია ჰქონდათ, არავინ იცის. ფაქტი ისაა, რომ კორპუსებს დააფარეს, კერძო სახლები დატოვეს”- ამბობს გიგიტელაშვილი.

საკრებულოს წევრის განცხადებას, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრალდება სწორი არ არის.

“სტიქია მოხდა ერთი თვის წინ. მერიის სამსახურებმა იმუშავეს ეფექტურად, ზარალიც აღწერეს და იმ წუთისთვის აუცილებელი ბრეზენტი დაურიგეს ხალხს, სანამ სამუშაოები დაიწყებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, 42 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 30 სახლი უკვე გადახურულია, 13 დაზიანებული კორპუსიდან, 4 უკვე დასრულებულია. ყველა ვინც დაზარალდა, მიიღებს შესაბამის დახმარებას, შეიძლება ეს იყოს მასალით, ან სხვა ფორმით გამოხატული. მე მაქვს კომუნიკაცია ყველასთან და არავინ დარჩება ყურადღების მიღმა”- განაცხადა მთვარელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, სტიქია თელავში 28 მარტს მოხდა. ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები, დაგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები. მთავრობის გადაწყვეტილებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია 900.000 ლარი და თელავში 200- მდე ქარით დაზიანებული სახლის გადახურვა იგეგმება.