ახალი ამბები

8 წლის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 3 პირს ბრალი წაუყენეს

8 წლის შემდეგ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მცხოვრები 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს.

,,2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს. სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ”,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად 2014 წლის 18 სექტემბერს ხ.ჯ.-მ თავი მოიკლა.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას, ქმრის რამდენიმე ნათესავმა სოფლის თვალწინ სცემა. ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების მოთხოვნით, პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით საქმე აღძრა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით, ხანუმ ჯეირანოვას ქმარმა აჯი გასანოვმა ოჯახის მიერ ერთ-ერთი ბრალდებული ფეხში დაჭრა, შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. იგი დააკავეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წელს კი მამაკაცი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.

იხილეთ ამავე საკითხზე Knews.ge-ს მიერ მომზადებული მასალები:

 

XXI საუკუნის მარიტა – რატომ გაწირა სოფელმა 30 წლის ქალი სასიკვდილოდ

გაერო: საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გამოძიება 10 თვეა დუმს

სასამართლომ ხანუმ ჯეირანოვას მეუღლეს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა