ახალი ამბები

სასამართლომ ხანუმ ჯეირანოვას მეუღლეს 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

 ადვოკატის, მზია სიჭინავას განცხადებით, მოსამრთლემ ბრალდებული იარაღის უკანონო ტარების მუხლში გაამართლა, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობაში აჯი გასანოვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. გასანოვის ადვოკატები სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას შემდგომ ინსტანციაში გეგმავენ. ისინი საქმეზე კვალიფიკაციის შეცვალს ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა შეუმსუბუქდეს და გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1 ნაწილით, რომელიც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„მოსამართლემ არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა. იარაღის უკანონო ტარებაში გამართლებას არ ველოდით, თუმცა ამ ნაწილში მოსამართლემ აჯი გასანოვი გაამართლა. განზრახ მკვლელობის მცდელობაში კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს მუხლი უნდა გადაკვალიფიცირებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1 ნაწილში, რომელიც გულისხმობს სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. მას ნამდვილად არ ჰქონია აფკან გასანოვის მკვლელობა განზრახული. აჯი გასანოვი თავს დამნაშავედ ცნობს კოდექსის ამ მუხლით“, – განუცხადა Knews.ge-ს მზია სიჭინავამ. 
30 წლის ხანუმ ჯეირანოვას ტრაგიკული გარდაცვალების დღიდან 10 თვე გავიდა, მაგრამ პროკურატურას საქმე ამ დრომდე არ გამოუძიებია. ხანუმას მამის ზახიდ ჯეირანოვის განმარტებით, მისი შვილის ტრაგიკული სიკვდილის დღიდან ოჯახი საგამოძიებო ორგანოსგან დამნაშავეების ტელმან და აფკან გუსეინოვების, აივაზ და ნოვრუზ გასანოვების და ელჩინ დეიხანოვის დასჯას ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. პროკურატურტაში აცხადებენ, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ხანუმ ჯეირანოვა მეუღლის ნათესავებმა ქმრის ღალატში დაადანაშაულეს, დაიჭირეს, სოფელში ფეხშიშველი ჩამოატარეს და სცემეს. 
ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობიდან 4 თვის შემდეგ მისმა ქმარმა, აჯი გასანოვმა 30 წლის მეუღლის წამების ერთ-ერთი მონაწილე აფკან გასანოვი ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.