სტატიები

XXI საუკუნის მარიტა – რატომ გაწირა სოფელმა 30 წლის ქალი სასიკვდილოდ

ჯეირანოვას მამის განმარტებით, ვიდრე მისი შვილი თავს მოიკლავდა, მთელი სოფელი იყო თვითმხილველი, რომ ქალს ქმრის ღალატში დასდეს ბრალი, რის გამოც ის სახალხოდ შეარცხვინეს, არასრულწლოვანი ბავშვებს თანდასწრებით სოფელში ჩამოატარეს და სცემეს. მიუხედავად უტყუარი ფაქტებისა, რაც ადასტურებს ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანას, სამართალდამცავებს ამ დრომდე საქმე არ გამოუძიებიათ. 
სწორედ გამოძიების გაჭიანურებამ და სამართალდამცავთა გულგრილობამ ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის მეუღლე, აჯი გასანოვი იქამდე მიიყვანა, რომ აფკან გუსეინოვს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჭრილობა მიაყენა. წინასწარი ვერსიით, დაჭრილი გუსეინოვი მეუღლის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებდა. 
მიუხედავად იმისა, რომ სოფელ იორმუღანლოს უშველებელი სახლების ფანჯრებში 21-ე საუკუნეა, ქალებს მაინც სიკვდილით სჯიან. ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში გიორგი ლეონიძის ცნობილი პერსონაჟის მარიტას ისტორია განმეორდა. ციციკორეს როლში ტელმან გუსეინოვია, რომელმაც ჯეირანოვას მამის განცხადებით, მისი შვილის სახალხოდ შეურაცხყოფას ორგანიზება გაუკეთა. ის ასახელებს დანარჩენი ოთხი პირის ვინაობასაც, რომლებიც მისი შვილის დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ.
„პირველი ორგანიზატორი არის ტელმან გუსეინოვი. ხალხს მაგან დაუძახა. ის იყო ორგანიზატორი. იმან დაუძახა აფკან გუსეინოვს, მერე აივაზ და ნოვრუზ გასანოვებს, ელჩინ დეიხანოვს. როდესაც ჩვენ ხანუმა დავსაფლავეთ, დედაჩემთან და ჩემთან მოვიდნენ ელჩინ დეიხანოვი, დეიხანოვის დედა, ხეიხაროვ ბახადი, ბახადას მეუღლე და მამა აქ არის ელჩინ დეიხანოვი. ასე გვითხრეს: ეს ქალი დავინახეთ ვიღაცის მანქანაში და წამოვიყვანეთო. მე აქ ვიყავი და ქმარი მთაში იყო. რატომ არ თქვეს, რომ შენი შვილი ესეთი გზით მიდისო. რა უფლებით სცემეს ჩემს შვილს. რატომ მიიყვანეს სიკვლდილამდე? “, – აცხადებს აზახ ჯეირანოვი. 
ტრაგიკულად დაღუპული ქალის მამა იმასაც ამბობს, რომ ხანუმას თავისი არასრულწოვანი შვილების თანდასწრებით სასტიკად გაუსწორდნენ. 
„ჩემი შვილიშვილი, გოგონა დედასთან ერთად იყო, რომ სცემეს. 11 წლისაა და იძახის, ჩემს თვალწინ ცემესო. თუ ჩემი არ გჯერათ, წადით, აიღეთ კამერა და ბავშვს ჰკითხეთ“, – ამბობს ხანუმ ჯეირანოვას მამა. ის ამბობს, რომ მოწმეთა მიმართ მუქარის გამო, სოფლის არც ერთი მოსახლე სიმართლეს არ ამბობს. ხოლო ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც „რუსთავი 2-ს “ინტერვიუ მისცა და ქალის თვითმკვლელობამდე მისი სასტიკი მოპყრობის შესახებ ისაუბრა, ჩვენება გადათქვა. 
თავიდან მოსახლეობა ახალგაზრდა ქალის სასტიკად შეურაცხყოფის ფაქტს ადასტურებდა და ამას სოფელში დამკვიდრებული ტრადიციებით ხსნიდა. ისინი ამბობდნენ, რომ ხანუმ ჯეირანოვა უცნობ მამაკაცთან ერთად შენიშნეს და ქმრის ღალატი დააბრალეს. მოსახლეობა ამ მოტივით ამართლებდა ქმრის ნათესავებს, რომლებიც ორი შვილის დედას, ყველას დასანახად, ფიზიკურად ჯერ სოფლის ბირჟაზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი მაღაზიის უკან გაიყვანეს და იქ განაგრძეს ქალის სასტიკი ცემა. ისინი ამბობდნენ, რომ სწორედ ეს გახდა ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის მიზეზი. ამჟამად კი ამაზე ღიად არავინ საუბრობს და ამ სისასტიკეს ყველა უარყოფს. საქმის გარშემო გამოძიების დაწყების შემდეგ სოფელში ვერავინ ადასტურებს ჯეირანოვას ბრალელულობას და არც ღალატზე საუბრობენ. 
„ყვირილი და კივილი გავიგონე. გამოვედი მაღაზიიდან. რამდენიმე ბიჭი სცემდა გოგოს. ხალხი იყო შეკრებილი და ამას უყურებდა ყველა. შენობის უკან გაიყვანეს და იქაც სცემეს“, – ამბობს სოფელ იორმუღანლოს მკვიდრი, შემთხვევის თვითმხილველი, რომელიც სახელისა და გვარის გამხელისაგან თავს იკავებს.
„ყვიროდა კი არა ქვეყანას ჰყრიდა. მთელი სოფელი აქ იყო“, – ადასტურებს რუსთავი 2 -თან მიცემულ ინტერვიუში ადგილობრივი მამაკაცი. რამდენიმესაათიანი დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა თავდაპირველად მამის სახლში მიიყვანეს, მაგრამ არც მამა და არც მისი მეუღლე სახლში არ აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ მათ ნაწამები ქალი მიიყვანეს ნათესავის სახლში, საიდანაც მამამ ზახიჯ ჯეირანოვმა ქალიშვილი წამოიყვანა. ზახიდი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მისი შვილი გადაიყვანეს სოფლის გამგებლის სახლში, სადაც მან ღამე გაათია. 
„ჩამოატარეს, სცემეს. მთელმა სოფელმა იცის. მერე ჩემი გოგო გამგებლის სახლში გადაიყვანეს. მე არ მინდოდა, რომ რამე მომხდარიყო“, – აღნიშნავს ზახიდ ჯეირანოვი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სოფელი ხედავდა ქალის სასტიკი ცემის ფაქტს, ადგილობრივებს პოლიცია არ გამოუძახიათ. სოფელი ელოდა კიდეც, რომ საჯარო დამცირების შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა ფატალური შედეგით დაასრულებდა სიცოცხლეს. სოფლის გამგებელი ამბობს, რონ ახალგაზდა ქალის თვითმკვლელობის ამბავი სოფელმა ბუნებრივ მოვლენად აღიქვა: „ჩვენთან ნამუსის საქმე ძალიან ძნელია. გოგომ უთხრა, მე აღარ უნდა ვიცხოვრო. მერე აღარ ილაპარაკონ, რომ გოგოს ესეთი სახელი აქვსო“, – ამბობს სოფლის გამგებელი. 
არასამთავრობო ორგანიზაცია „ საფარის“ თავმჯდომარის, იურისტის, ბაია პატარაიას განმარტებით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ორჯერ დაიწყო, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჯეირანოვას სასტიკად ცემის ფაქტის უმარავი თვითმხილველი და მოწმე არსებობდა, საქმე ამ დრომდე გაჭიანურებულია.
„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი ამბობდა, რომ ჯეირანოვას მიაყენეს ფიზიკური და ვერბალური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია უკვე ჯეირანოვას თვითმკვლელობამდე მიყვანა. ეს დანაშაული ეფექტურად არ გამოიძიეს“, – აცხადებს ბაია პატარაია.

ხანუმა ჯეირანოვა – გარდაცვლილი

ხანუმა ჯეირანოვას მეუღლის მიერ სამართლიანობის აღსრულების მცდელობა 
ამ სასტიკი ფაქტის შემდეგ თითქმის 8 თვე გავიდა, მაგრამ ჯერ პოლიციას არაფერი არ დაუდგენია. ხანუმ ჯეირანოვას ტრაგიკული სიკვდილის დღიდან ოჯახი საგამოძიებო ორგანოსგან დამნაშავეების ტელმან და აფკან გუსეინოვების, აივაზ და ნოვრუზ გასანოვების და ელჩინ დეიხანოვის დასჯას ითხოვდა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ხანუმას მეუღლემ, აჯი გასანოვმა თავად სცადა სამართლიანობის აღსრულება და მისი მეუღლის წამების ერთ-ერთი მონაწილე აფკან გასანოვი ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით აღძრა: 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და 19–108 მუხლით [განზრახ მკვლელობის მცდელობა. იგი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე]. 
„საჭირო გახდა და ჩემმა სიძემ ესროლა, იმიტომ რომ დასაჭერები იყვნენ და აქამდე არ დაიჭირეს“, – აღნიშნავს ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის მამა ზახიდ ჯეირანოვი. 
აჯი გასანოვის სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა 1 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე ირაკლი ბონდარენკომ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, რომელიც მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმებას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ მოსამართლეს 5 000 ლარიანი გირაო შესთავაზა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს მხარეთა შორის მოლაპარაკება. მოსამართლემ საქმის განხილვა 13 მაისს გადადო.
უფლებადამცველ ბაია პატარიას შეფასებით, ეს ფაქტი არის ხანუმ ჯეირანოვას წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის გაგრძელება, რადგან არც ერთი დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცა. პატარაია ფიქრობს, რომ ხანუმ ჯეირანოვას მეუღლეს, აჯი გასანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ზედმეტად დამაძიმებელი მუხლით, რომლებიც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. მისი განმარტებით, ადამიანისათვის ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც სხეულის განზრახ დაზიანება და არა განზრახ მკვლელობის მცდელობა. 
„ჩვენ ვესაუბრეთ გასანოვის ძმას და სიტუაცია იყო შემდეგი: სოფლის ბირჟაზე ერთ-ერთმა თანასოფლელმა გასანოვს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც უკავშირდებოდა მის გარდაცვლილ მეუღლეს, ჯეირანოვას. ამის საპასუხოდ გასანოვმა შესაშინებლად ფეხში დაჭრა. რაშიც ჩვენ პრობლემას ვხედავთ არის ის, რომ არ შეიძლება ფეხში მიზანმიმართული სროლა და დაჭრა ჩაითვალოს მკვლელობის მცდელობად. ეს შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც სხეულის განზრახ დაზიანება და მოტივიც ასეთი ჰქონდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე სასამართლო ძალიან მძიმე მუხლითა და არასწორი კვალიფიკაციით მიდის. ჩემთვის უცნობია, რა ინტერესი აქვს პროკურატურას, რომ საქმეს ასეთი კვალიფიკაცია ჰქონდეს. მინდა ვთქვა, რომ ჩადენილი დანაშაული არის იმ დაუსჯელი და სასტიკი დანაშაულის გაგრძელება, რაც დაემართა ხანუმ ჯეირანოვას. ქალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული არ იქნა გამოძიებული, არავინ არ მიეცა პასუხისგებაში“, – განმარტავს პატარაია.

კიდევ ერთი დაკავება: სიძის პროცესზე მიმავალი ხანუმ ჯეირანოვას მამა და მისთვის 250 ლარიანი ჯარიმის დაკისრება
1 მაისს ხანუმ ჯეირანოვას მამა სიძის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მიდიოდა, როდესაც ის საპატრულო პოლიციის 207-ე ეკიპაჟმა დააკავა. სამართალდამცავების განმარტებით, ჯეირანოვმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზაჰიდ ჯეირანოვს შეეფარდა მინიმალური ადმინისტრაციული ჯარიმა 250 ლარის ოდენობით კანონის 173 მუხლით, რომელიც კანონის მიხედვით მან არაუგვიანეს 7 დღეში უნდა დაფაროს. სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯარიმის შეფარდების შემდეგ ზაჰიდ ჯეირანოვა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
,,ბადიაურში მანქანა გზის მარჯვენა მხარეს გავაჩერე. „პავაროტნიკი“- (ანუ ციმციმა) არ მუშაობდა და ამიტომ გამაჩერა პოლიციამ და საბუთები მომთხოვა. რადგან სიძის სასამართლოზე მივდიოდი სიღნაღში და მეჩქარებოდა, თავი ვერ შევიკავე და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. 30 წელია მძღოლად ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა არ მქონია. განერვიულებული და დაძაბული ვიყავი ამიტომ მოვიქეცი ესე. მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება,’’– განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჯეირანოვმა.
აჯი გასანოვის ადვოკატი, მზია სიჭინავა ეჭვობს, რომ სამართალდამცავებმა ზაჰიდ ჯეირანოვა იმ მიზნით დააკავეს, რომ არ დასწრებოდა სასამართლო პროცესს, სადაც მას უნდა მოეყოლა ხანუმ ჯეირანოვას მეუღლის ნათესავების მიერ მისი შვილის სასტიკი მოპყრობის ფაქტები. 
აჯი გასანოვს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ამჟამად ბებიასთან და პაპასთან იზრდებიან. ისინი სკოლაში არ დადიან. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ზოგადი განათლება. თუმცა ბავშვების ეს უფლება დარღვეულია.
GIPA ჟურნალისტიკის ლექტორი და მკვლევარი თინათინ ცომაია, რომელიც ჰომოფობიის ფაქტებს სწავლობს, ხანუმ ჯეირანოვას ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტების გაცნობისას, მთავარი საკითხის ირგვლივ სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, მკვლევარი მიიჩნებს, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ეჭვმიტანილი პირების მიმართ სამართალწაროება არ დაწყებულა, რაც ტრაგიკულად გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს მეუღლეს და მამას პოტენციურ დამნაშავეთა მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებს: ჩვენი მთავარი მიზანია საქმის არსებითი განხილვის შემდეგ პროკურატურამ კარგად გაანალიზოს ადამიანის გადაცვალების მიზეზები, – აცხადებს ის.
„უკვე რამდენიმე თვეა 2 შვილის დედის, ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეს ვიკვლევთ, გასაოცარია, ის, რომ ხანუმ ჯეირანოვა საჯარო ძალადობას ემსხვერპლა, თუმცა რეალურად ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისათვის არც ერთი ეჭვმიტანილი არ არის დაკავებული და უტყუარი ფაქტების გამოძიების შედეგები ამ დრომდე გაჭიანურებულია. სამაგიეროდ, ვხედავთ, რომ მეუღლის სიკვდილით განადურებული მამაკაცი, აჯი გუსეინოვი, რომელმაც მისი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ჩართული ერთ -ერთი მონაწილე დაჭრა, სასჯელს იხდის. ამ ოჯახის ყველაზე დაუცველი წევრები კი 2 არასრულწლოვანია, რომელთაც გარდა იმისა, რომ დედა დაეღუპათ და მამა დაკავებულია, განათლების მიღების შესაძლებლობაც წაართვეს. ბავშვები ბებია-პაპასთან ფერმაში იზრდებიან და სკოლაში სიარულის შესაძლებლობა არ აქვთ. ვითხოვთ, რომ საქართველოს პროკურატურამ რეალურად უნდა გამოიძიოს საქმე და ჰომოფობიური მიდგომისათვის დამნაშავეების დასჯა უნდა განახორციელოს. სხვა მხრივ, ასეთი ქმედებები კიდევ განმეორდება და დაუსჯელობა დამნაშავეთა წახალისებას გამოიწვევს.“