თელავის მერიამ ,,ახალგაზრდული საბჭოს“ პროექტი დააფინანსა
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში პროექტზე ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია საჭირო სამუშაოებს შეასრულებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება 10 მოლბერტის დამზადება, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებსა და პარკებში განთავსდება.
საბჭოს წევრებმა ინიციატივა თელავის მერს წარუდგინეს. პროექტს, რომელიც თელავის ქუჩების შემოქმედებით ათვისებას ეხება, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, მერია 8000 ლარით დააფინანსებს:
,,პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის ტერიტორიაზე მოლბერტებით ელენე ახვლედიანის ნახატების გამოფენას. ძალიან მნიშნელოვანია, როდესაც ახალგაზრდები თავად გვაწვდიან იდეებსა და ინიციატივებს თუ რისი შეცვლა სურთ ქალაქში”, – აცხადებს პლატონ კალმახელიძე.
,,ახალგაზრდული საბჭოს“ წევრების განცხადებით, მერიასთან სამომავლოდ აქტიურად თანამშრომლობას გეგმავენ.
პროექტი ხორციელდება ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“ ფარგლებში.