იანვართან შედარებით აპრილში ღვინის ექსპორტი გაორმაგდა
აღსანიშნავია, რომ აპრილის თვე ექსპორტის თვალსაზრისით უფრო აქტიური იყო, ვიდრე იანვარი, თებერვალი და მარტი. იანვრთან შედარებით, აპრილში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა. იანვარში ექსპორტი შეადგენდა 1 343 018, თებერვალში – 1 558 631, მარტში – 2 198 535 ,ხოლო აპრილში – 2 878 565 ბოთლს.
მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე როგორიცაა ჩინეთი – 87%, ბელარუსი – 27%, იაპონია – 9%, კანადა – 250%, დიდი ბრიტანეთი – 79%, ესტონეთი – 16%, პოლონეთი – 7%, გერმანია – 6%, აშშ – 6% და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 3 229 338 ბოთლი, ყაზახეთი – 1 529 688, უკრაინა – 873 516, პოლონეთი – 519 576, ჩინეთი – 494 478. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 თვის ექსპორტის მაჩვენებელი 58%-ით ნაკლებია, რაც უმთავრესად განპირობებულია 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-76%) და უკრაინაში (-57%) ექსპორტის კლებით.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი 4 თვის ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითისთვის: 2012 წ. – 5 099 44 ბოთლი და 2013 წ. – 6 759 544 ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული. კლება 2014 წელთან შედარებით (18 965 119) განპირობებულია გასულ წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის გატანის პიკური მაჩვენებლით. ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 495 500 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 4 468 997 აშშ დოლარს აღწევს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერობენ რუსეთი (882 032) და უკრაინა (400 560).