რა პრობლემები შეუქმნა რუსეთისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა ლაგოდეხში სალათის ფურცლის წარმოებას
კომპანია GDB-ს მიერ ლაგოდეხში წარმოებული სალათის ფურცლებით რუსეთის McDonald’s-ი მაისში მიღებული მოსავლით უნდა მომარაგებულიყო. თუმცა იმის გამო რომ რუსეთის ბაზარი McDonald’s-მა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო დატოვა, ქართველ ფერმერს პრობლემები შეექმნა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, მოსავალს კომპანია აპრილში ელოდება, რომლის რეალიზება 1 თვეში მაინც უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 200 000 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქციის ზარალი იქნება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე, სადაც სალათის ფურცლების ექსპორტი უნდა განხორციელდეს.
bm.ge-ს ინფორმაციით, GDB სამ ჰექტარ ფართობზე ლაგოდეხის სუბტროპიკულ ზონაში სამი სახეობის სალათის ფურცლებს აწარმოებს. ესენია: აისბერგი, რომანოსა და ლოლაროსა, რომელთა კილოგრამის ფასი ბაზარზე 8-10 ლარს შეადგენს.
კომპანია GDB-მ ოპერირება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო და წლის განმავლობაში სალათის ფურცლის მოსავალი ორჯერ აიღო – ნოემბერსა და მაისის თვეში.