“თელავის ღვინის მარანის” გაყიდვები რუსეთსა და უკრაინაში შეჩერებულია
“თელავის ღვინის მარანის” გაყიდვები რუსეთსა და უკრაინაში შეჩერებულია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საექსპორტო მოცულობაში 10% რუსეთს, ხოლო 13% უკრაინას უჭირავს.
მარნის დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ღვინის ექსპორტიორებისთვის გლობალური პრობლემაა, რადგან მალე ღვინო ამ ბაზრებზე არააუცილებელი პროდუქტების სიაში გადავა და შესაბამისად, კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდებათ.
“კურსის მკვეთრი ცვლილების გამო, ღვინის შესასყიდი ფასი რუბლში ძალიან გაიზარდა. სავალუტო ბირჟაზე პრობლემების გამო, კომპანიებს ვალუტის შეძენა და ტრანზაქციების განხორციელება უჭირთ. ეს ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება, მოსახლეობის შემოსავლები შემცირდება, ისინი ექსპორტირებული პროდუქტის შეძენას დოლარებში ვეღარ შეძლებენ, შესაბამისად, რუსეთის ბაზრის აღდგენა ემბარგოს პირობებში ძნელად სავარაუდოა. რაც შეეხება უკრაინას, საომარი მოქმედებების გამო გაყიდვები სრულიად გაჩერებულია. არსებული ბაზების ჩანაცვლება რთული პროცესია და ეს ერთ დღეში, კვირაში ან თვეში ვერ მოხდება.
ზოგადად რუსეთ-უკრაინის ომი ღვინის ექსპორტიორების გლობალური პრობლემაა, რადგან ეს ქვეყნები ორი უდიდესი მომხმარებელია. ღვინის მიწოდება სავარაუდოდ სხვა ქვეყნებიდანაც შეწყდება, რადგან ღვინო აუცილებელი მოხმარების პროდუქტი არ არის, შესაბამისად, ის გაუყიდავი პროდუქტების სიაში გადაინაცვლებს, ექსპორტიორებს კი მოგვიწევს პროდუქტი სხვა ბაზრებზე გადავანაწილოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია გაიზრდება”, – ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.