“ცივის ყველი”: რუსეთის ბაზრისთვის რძის ნაწარმის მიწოდებას არ ვაპირებთ
“ჩვენთვის პრიორიტეტი ქართველი მომხმარებელია, რუსეთის ბაზრისთვის რძის ნაწარმის მიწოდებას არ ვაპირებთ” – ასე ეხმაურება “ცივის ყველის” დამფუძნებელი გოჩა ღაღაშვილი, რუსეთის ბაზარზე ქართული რძის ნაწარმის შეტანის საკითხს.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ კომპანიას პროდუქციის შეტანა ოკუპანტ ქვეყანაში არ სურს, არის მეორე საკითხიც, ქართული ნედლი რძე ადგილობრივ ბაზარს ვერ აკმაყოფილებს და ექსპორტზე დიდი ოდენობით პროდუქციის გატანაზე საუბარი შეუძლებელია.
“ცივის ყველი ექსპორტზე ამერიკაში – ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში გადის. ეგზოტიკურ ყველს ვაწარმოებთ, რომელიც მასობრივი არაა და იქ ტურისტებზეა გათვლილი, ასევე აეროპორტში, Duty Free-ში იყიდება. ამერიკაში ექსპორტზე თვეში 500-1000 კგ ყველი გადის. მოლაპარაკება ისრაელთანაც გვქონდა, თუმცა იქ დიდი საექსპორტო მოცულობების მოთხოვნის გამო ექსპორტის განხორციელება ვერ შევძელით. ისრაელი სულგუნს, შებოლილ სულგუნს და სახაჭაპურე ყველს თვეში 10-20 ტონას ითხოვდა, ეს კი შეუძლებელია. ჩვენ მათთვის მაქსიმუმ 1 ტონა ყველის თვეში ერთხელ მიწოდება შეგვიძლია. მოთხოვნა დიდია, მაგრამ აქ არ გვყოფნის და იქ როგორ უნდა გავაგზავნოთ. ჩვენთვის პრიორიტეტი ქართველი მომხმარებელია, ხოლო საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით შესაძლოა ყველის მცირე რაოდენობით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაც”, – განაცხადა გოჩა ღაღაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთი ქართულ საწარმოებს რძის ნაწარმის შეტანას სთავაზობს. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი დაშვებული იქნება. ამის შესახებ უწყებამ ინფორმაცია თავად გაავრცელა. აღნიშნული განცხადებით, უწყება გამოეხმაურა რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ იმავე შინაარსის ინფორმაციას. გაირკვა, რომ უკრაინაში ომის პარალელურად, “როსელხოზნადზორის” ხელმძღვანელმა მოლაპარაკებები გამართა ბელარუსის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ვეტერინარული სამსახურების ხელმძღვანელებთან. bm.ge-სთან საუბრისას ამ სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბაზარი თვითმყოფადი არ არის და ნედლი რძე ქვეყანაშიც დეფიციტურია, შედეგად, ექსპორტის განხორციელება შეუძლებელი იქნება.
“რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში წლიურად საშუალოდ 550 მლნ ლიტრი ნედლი რძე იწარმოება, რაც ქართული ბაზრის დასაკმაყოფილებლად არასაკმარისია. ამისთვის საშუალოდ, 850-870 მლნ ლიტრი რძე უნდა იწარმოებოდეს.