ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში, მდინარე კისისხევის აუზში სატყეო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება

თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე კისისხევის აუზში სატყეო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება.

პროექტი რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, კომპანია ,,ნაკვალევის” დახმარებით მოამზადა, ორი საფეხმავლო ბილიკის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

CENN-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორი, კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ პროექტის მთავარი მიზანი თელავის 5 სოფელში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.

,,მდინარე კისისხევის უზში ორი საფეხმავლო ბილიკის მოწყობაა შესაძლებელი. პროექტის მიხედვით, ერთი ბილიკი არის სოფელ ქვემო ხოდაშენი -წინანდლის მიდამოებში, ხოლო მეორე არის შალაურისა და სოფელ კისისხევის მიდამოებში. ეს ასევე მოიცავს სოფელ კონდოლსაც.

აქ მთავარი აქცენტი არის ორ მიმართულებაზე გაკეთებული, ეს არის სატყეო ტურიზმის განვითარება და ტყის როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ბუნებრივი რესურსის ალტერნატიული თვალით დანახვა.

კისისხევის ხეობა ცნობილია თავისი ისტირული ძეგლებით და კულტურული მემკვიდრეობით. აი ამ ორი რესურსის სინთეზი გვინდა რომ გავაკეთოთ. მეორე მიმართულება ის არის, რომ ეს ხუთივე სოფელი მეტნაკლებად დატვირთულია ტურისტული ობიექტებით. მნიშვნელოვანია აქ ჩამოსული ტურისტი არ იყოს გავლით და მას ჰქონდეს საშუალება, რომ დარჩეს ადგილზე, ნახოს მეტი  და შეიგრძნოს ადგილობრივი ტურისტული პოტენციალი. ასევე ტურისტებს საშუალება ექნებათ გავიდნენ ტყეში ნახონ და მიიღონ სრული ტურისტული სერვისი.

საბოლოო ჯამში კი მოსახლეობას ექნება ალტერნატიული შემოსავალი. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობა ნაკლებად იყოს ორიენტირებული ტყეების განადგურებაზე და მისი დაცვა იყოს პრიორიტეტი”,- განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.