ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერის განაცხადი შეიტანა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.
კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან: გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.
„ჩემი ოფისის მიერ შეგროვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, მაქვს დასაბუთებული საფუძველი ვივარაუდო, რომ აღნიშნულ სამ პირს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 2008 წლის 8-27 აგვისტოს პერიოდში საქართველოში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის გარშემო ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაცემა“,- ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლიც. “მიიჩნევენ, რომ მან განზრახ შეიტანა წვლილი ზოგიერთი ამ დანაშაულის განხორციელებაში”,- აცხადებს კარიმ ხანი.
„მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს იმ ტერიტორიაზე გადავიდა, რომელზედაც დავა არ მიმდინარეობდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოსეთიდან გაძევებისთანავე, რუსულმა ჯარებმა და, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთის ჯარებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ძირითადად მოხუცებისა და ავადმყოფების დატყვევება, რომლებსაც არ შეეძლოთ, ან არ სურდათ დაეტოვებინათ სახლები. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო დატუსაღებული ანტისანიტარიულ და სახიფათო პირობებში, შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ,“- ნათქვამია კარიმ ხანის განცხადებაში.