ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას მიმართა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების განცხადებები განიხილოს
ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას მიმართა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის გაწევრიანების განცხადებები განიხილოს და მოსაზრება წარადგინოს.
ამის შესახებ ნათქვამია ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღის ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ხუთპუნქტიან განცხადებაში ევროკავშირის ლიდერები გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოუწოდებენ მოსკოვს, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და წინაპირობების გარეშე გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან.
„ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესია წარმოადგენს საერთაშორისო წესებისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპების დარღვევას. ის ძირს უთხრის ევროპასა და მსოფლიოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, ევროპელი ლიდერები ხაზგასმით აცხადებენ, რომ უკრაინის ადგილი ევროპის ოჯახშია.
„ევროკავშირის საბჭო აცნობიერებს უკრაინის ევროპული მისწრაფებებს და არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებაშია გაწერილი. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა წარადგინა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი.
ევროკავშირის საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოუწოდა ევროკომისიას, მოამზადოს საკუთარი მოსაზრება ამ განაცხადის შესახებ შეთანხმებების შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, ასევე – მოამზადოს მოსაზრება საქართველოს და მოლდოვას განაცხადების შესახებ. უკრაინის ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.