იყალთოელი ახალგაზრდა Google-სა და Amazon-ში იმუშავებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მცხოვრები 21 წლის ახალგაზრდა, გიორგი ბოტკოველი, მალე Google-ისა და Amazon-ის გუნდს შეუერთდება. ის 12 კვირიან სტაჟირებას 15 აპრილს, Amazon – ში დაიწყებს, ოქტომბერში კი უკვე Google –ის გუნდის წევრი იქნება.
გიორგი თელავის რაიონის სოფელ იყალთოში დაიბადა და გაიზარდა. ის მე-7 კლასის მოსწავლე იყო თბილისში, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში რომ ჩაირიცხა.
„იყალთოში ვიზრდებოდი. ერთ-ერთ სასკოლო ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა, რომლის პარტნიორიც კომაროვის სკოლა იყო. მოხდა ისე, რომ წარმატებულ მოსწავლეთა შორის მოვხვდი, რის შემდეგაც დედაჩემს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ამ სკოლის მისაღებ გამოცდაზე მივსულიყავი. გამოცდა ჩავაბარე, გადავედი სასწავლებლად და მათ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი“, – იხსენებს გიორგი.
გიორგი ამბობს, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი კომაროვის სკოლას მიუძღვის, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და მათემატიკის ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის შედეგად, პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრშიც მოხვდა. სკოლის შემდეგ კი სწავლა თავისუფალ უნივერსიტეტში განაგრძო.
„დღევანდელ ცხოვრებაში, ტექნოლოგიების საუკუნეში, ყველაზე პერსპექტიულად ჩანდა პროგრამირების შესწავლა, რომლისთვისაც მათემატიკის სიღრმისეული ცოდნა აუცილებელია. მათემატიკას არასოდეს ვუყურებ, როგორც სირთულეს. პირიქით, სიამოვნებას ვიღებ მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას“, – ამბობს გიორგი.
თავისუფალი უნივერსიტეტიდან, 2019 წელს სწავლა უნგრეთის უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე, სრული დაფინანსებით განაგრძო და სტაჟირება კომპანია „ნოკიაში“-ც გაიარა.
თავად თვლის, რომ მისი წარმატების საიდუმლო ბევრ შრომაშია. ლექციების შემდეგ, ალგორითმების შესასწავლად, დამატებით მეცადინეობდა, რისი ცოდნაც Google-სთან გასაუბრების დროს უმნიშვნელოვანესია.
„Google გადარჩევის ეტაპზე უპირატესობას ანიჭებს მას, ვისაც მათი თანამშრომლისგან აქვს რეკომენდაიცა. თავისუფალი უნივერსიტეტის ბევრი კურსდამთავრებული ვიცი, ვინც Google-ში წავიდა სამუშაოდ. მათ შორის არის ლაშა ლაკირბაია, რომელიც სათაო ოფისში, კალიფორნიაში მუშაობს და რეკომენდაცია, სწორედ მან გამიწია. უკვე 5 გასაუბრება გავიარე.
აქედან 4 ტექნიკური საკითხების იყო, მათთვის უნდა ამეხსნა, როგორ გადავჭრიდი ამა თუ იმ პრობლემას და დამეწერა ოპტიმალური კოდი. ერთი გასაუბრება კი ჩემი გამოცდილების შესახებ შედგა და კითხვებით საზღვრავდნენ, რამდენად შემეძლო კრიტიკულ სიტუაციებში მუშაობა“, – გვიყვება გიორგი.
ახლა გიორგი გასამგზავრებლად ემზადება, მის სამომავლო გეგმებში კი საკუთარი კომპანიის დაარსება შედის, თუმცა იქამდე, გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვებას, სწორედ ისეთ კომპანიებში აპირებს, როგორიც Google-ი და Amazon-ია.