გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის ფარგლებში, დიდი ისტორიის მქონე თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ხორციელდება.
რეაბილიტაციის ბიუჯეტის პროექტი 30 მილიონი ლარია. პროექტი კომპანია „ამხანაგობა 21“-მა მოამზადა, ხოლო პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ველისციხეში საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა. ცენტრალური ქუჩა საფეხმავლო ქუჩად გადაკეთდება, რეაბილიტირდება ცენტრალური პარკი, პარკში განლაგდება მზის პანელები, მოეწყობა ფანჩატური, ტრენაჟორები, ბილიკები, განათება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ველისციხის თეატრის რეაბილიტაცია და ფასადის შეცვლა.
სოფელ ველისციხეში თეატრალური ცხოვრება 2 საუკუნეს ითვლის.
თეატრის ისტორია XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. სოფელში, სადაც თეატრის შენობა არ ჰქონდათ, მოყვარული მსახიობები თეატრალურ წარმოდგენებს მემამულეების სახლებში ან ღია ცის ქვეშ ეზოში მართავდნენ.
პირველი წარმოდგენა ერისთავის კომედია ,,ძუნწი“ ივანე ჯანდიერის სახლში დაიდგა. სოფელში ახლა აღნიშნულ ფაქტს კულტურული მიმართულებით მომხდარ მოვლენად მოიხსენიებენ, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა თეატრალურ ცხოვრებას.
მას შემდეგ იყო ბევრი სპექტაკლები, ლიტერატურული და სალონური საღამოები, როგორც მოყვარული ასევე ცნობილი მსახიობების მონაწილეობით იდგმებოდა.
სოფელში თეატრის აშენება 1922 წელს დაიწყო და 1923 წელს დამთავრდა. ის 1929-1949 წლებში სახელმწიფო დრამატული თეატრის, ხოლო 1950 წლიდან დღემდე სახალხო თეატრის სახელით ფუნქციონირებს და ვასო გოძიაშვილის სახელს ატარებს.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ომარ კაკაბაძე სოფელში მოქმედი თეატრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ომარ კაკაბაძე იხსენებს, რომ 1970 წელს თეატრის შენობა დაიწვა და მსახიობებს 19 წლის განმავლობაში მუშაობა შენობის გარეშე მოუწიათ. 1986 წელს კი გურჯაანის რაიკომის პირველი მდივნის დავით სარიშვილის, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის გიგა ლორთქიფანიძის და ველისციხის კოლმეურნეობის თავმჯდომარის თამაზ მესხის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა თეატრის რეაბილიტაციას. თეატრი დღემდე თანამშრომლების და ადგილობრივების მიერ შენარჩუნებულია.
ომარ კაკაბაძეს თქმით, თეატრში ადრე რამდენიმე ათეული თანამშრომელი მუშაობდა, ახლა იქ რამდენიმე თანამშრომელი ყავთ, რაც წინა წლებთან შედარებით მცირეა, თუმცა ისინი წელიწადში 2 ახალი სპექტაკლის დადგმას მაინც ახერხებენ.
მისივე თქმით, თითო თანამშრომელი რამდენიმე საქმეს ითავსებს რაც რთულია, თუმცა საყვარელი საქმის გაკეთება მათთვის სასიამოვნო პროცესია.
,,სოფელს მეტი, მაგრამ თეატრს ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ადრე როცა თეატრის შენობა არ იყო, მსახიობები სახლებში მართავდნენ წარმოდგენებს და სპექტაკლებს. პირველი წარმოდგენა სრული მომზადებით, თავისი მუსიკალური გაფორმებით, კოსტიუმებით დაიდგა 1885 წელს, ეს იყო ერისთავის კომედია ,,ძუნწი”, რომელსაც შემდეგ სხვა წარმოდგენები მოყვა. სოფელი რომ მზად არ ყოფილიყო, სპექტაკლებზე არ ევლო და არ ეაქტიურა, არაფერი გამოვიდოდა. საქართველოში არ იყო არცერთი დიდი მსახიობი, რომელსაც მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული ჩვენს სპექტაკლებში. თეატრი დღემდე აქტიურად მუშაობს და წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ვცდილობთ ახალი წარმოდგენის მაყურებლისთვის შეთავაზებას”,- განაცხადა ომარ კაკაბაძემ.
ველისციხის კულტურის სახლის დირექტორი, ნუნუ კარდენახიშვილი აღნიშნავს, რომ ველისციხის კულტურული ცხოვრების განვითარებაში თეატრის აქტიურმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.
,,ასეთი პრეცენდენტი არ არსებობს მსოფლიოში, რომ სოფელში ამდენი ხანი ყოფილიყო თეატრი და ემუშავა. სოფლის კვალობაზე ჩვენი თეატრის არქიტექტურა გამორჩეულია. დიდ ქალაქებს არ აქვს ასეთი თეატრალური ნაგებობა. რაც მნიშვნელოვანია, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს თეატრი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ, იმედი გვაქვს რეაბილიტაციის შემდეგ ეს პრობლემები მოგვარდება და ჩვენც შევძლებთ ჩვენი შემოსავალი გვქონდეს.”
მსახიობი მარინე ჯანჯიბუხაშვილი ველისციხის თეატრში 1980 წლიდან დღემდე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობს. ის სპექტაკლის დადგმამდე სხვა პირებთან ერთად მონაწილეობას იღებს ყველა აქტივობაში: ქმნიან ტექსტურ მასალას, აკეთებენ მონტაჟს, აფორმებენ მუსიკალურად და ცდილობენ თავიაანთი შემოქმედება ყველა ასაკის მაყურებლის ინტერესებს დაემთხვას.
იგი ამბობს, რომ მაყურებელი ცოტაა, თუმცა ეს მათ საყვარელი საქმის კეთებაში ხელს ნაკლებად უშლით. მარინა ჯანჯიბუხაშვილის სურვილია თეატრი მეტად გააქტიურდეს და მაყურებლის რაოდენობაც გაიზარდოს.
,,აქ 1980 წლიდან ვარ, ჩემი მოვალეობაა ღონისძიების მომზადება, რათქმაუნდა ხელმძღვანელთან ერთად და ვქმნით ტექსტურ მასალას, ვაკეთებთ მონტაჟს. გვყავს მუსიკის პედაგოგი და ვაფორმებთ მუსიკალურად. ასევე გვყავს ცეკვის ანსაბლი და ვქმნით ერთობლივ შემოქმედებას. იმდენი მაყურებელი აღარ გვყავს რამდენიც ადრე, მაგრამ ამ საქმეს არ ვეშვებით და გვინდა მეტი გავაკეთოთ. ისეტი კარგი სპექტაკლები გვაქვს, რომ არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც შეგვიძლია ვაჩვენოთ”,- განაცხადა მარინე ჯანჯიბუხაშვილმა.
ნახეთ ამავე თემაზე მომზადებული მულტიმედია მასალა: https://www.playbuzz.com/makakhaziurim10/4-11-2019-7-17-21-am
ნახეთ ფოტოები როგორი იქნება ველისციხის თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ: