საოჯახო მეურნეობი პრემიერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართავენ
საოჯახო მეურნეობები და მეწარმეები განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავენ.
knews.ge აღნიშნულ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„ქართველი ფერმერებისა და ფართო საზოგადოებისათვის შეშფოთებას იწვევს სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და ნარჩენი ბიომასის გადაწვის მასობრივად გავრცელებული პრაქტიკა, რაც ქმნის პრობლემებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში, შეუსაბამოა თანამედროვე სოფლის მეურნეობის პრაქტიკასთან, აზიანებს გარემოს და დიდ მატერიალურ ზიანს აყენებს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე, მთლიანად, სახელმწიფოს.
საქართველოს კანონმდებლობით, მიწების სტიქიური და უკონტროლო გადაწვას და დაუცველ ზონებში კოცონის გაჩაღებას აქვს სამართალდარღვევის კლასიფიკაცია, მასზე დაწესებულია საკმაოდ მაღალი სანქციები, განსაზღვრულია აღსრულების პროცედურები და დადგენილია უფლებამოსილი ორგანო – საპატრულო პოლიცია. თუმცა, ხანძრების პრევენციის ეს საკვანძო რეგულაციები ე.წ. „მკვდარი ნორმებია“ და პრაქტიკაში არ ხორციელდება. მათი ამოქმედება, სიფრთხილისა და ჰუმანურობის პრინციპების გათვალისწინებით, მოიტანს სწრაფ შედეგებს ქვეყნის ხანძრებისაგან დასაცავად. ამისთვის საჭიროა ზომების მიღება, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
სამართლებრივი ანალიზი:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობისათვის. 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ახდენს მითითებას სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე და ამ რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევას ან შეუსრულებლობას მიიჩნევს ადმინისტრაციულ გადაცდომად. თავის მხრივ, „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის #370 დადგენილებით და კრძალავს კოცონის გაჩაღებას, ნარჩენების და ტარის დაწვას შენობა-ნაგებობებიდან 50 მ-ის რადიუსში, ასევე, მინდორში ნამკალის, ნამწვერალი ნარჩენის დაწვას და კოცონების დანთებას.
შესაბამისად, როცა ადგილი აქვს მინდორში ნამკალის, ნამწვერალი ნარჩენის დაწვას ან/და კოცონის დანთებას, ასევე, კოცონის გაჩაღებას, ნარჩენებისა და ტარის დაწვას დადგენილი წესისა და მანძილის დაუცველად, ქმედების ავტორი ჩადის ადმინისტრაციულ გადაცდომას (სამართალდარღვევას) და ეკისრება ასკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. სანქციის ნაწილში დაჯარიმებაზე უფლებამოსილ ორგანოს კოდექსი არ უტოვებს დისკრეციას, რაც ნიშნავს იმას, რომ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა იქნება 500 ლარი.
177-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე ოქმის შემდგენელი და საქმის განმხილველი უწყება არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი/პატრულ-ინსპექტორი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს და თავადვე შეუფარდებს ჯარიმას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს.
მაგალითად, თუკი საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი შეესწრო ნაკვეთის ნამწვერალი ნარჩენის გადაწვის ფაქტს, პოლიციელი ვალდებულია, ადგილზევე შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმოს ცეცხლის გამჩენი პირი. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ვიდეო ან ფოტო გადაღებით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
ოქმის შედგენისას დამრღვევს აუცილებლად უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, მიეწოდოს ინფორმაცია გასაჩივრების უფლების, გასაჩივრების ვადისა და იმ ორგანოს შესახებ, სადაც შესაძლებელია ოქმის გასაჩივრება.
პრაქტიკა და პრობლემები:
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რეგლამენტი, სადაც მოცემულია შესასრულებლად სავალდებულო წესი, განსაზღვრულია სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო (შსს), კოდექსის 177.1 და 177.2 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე გამოწერილი ოქმების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და არ შეესაბამება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევების სიხშირეს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში საუბარია რეგლამენტის 6.4. მუხლითა და 28.6. მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, რამდენადაც საქართველოში განსაკუთრებით ხშირია მინდორში ნამკალის, ნამწვერალი ნარჩენის დაწვა და კოცონების დანთება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული 2019-2021 წლის სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე 2019 წელს და, ასევე, 2021 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, არცერთი ოქმი არ არის შედგენილი.
აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაციიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ასკ 177-ე მუხლის პირველი/მეორე ნაწილის შემადგენლობა მიეკუთვნება ე.წ. „მკვდარ ნორმებს“.
გვჯერა, რომ აღსრულების პრობლემა არ არის გამოწვეული შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა არასწორი გადანაწილებით, არასაკმარისი ადამიანური რესურსით ან/და რეგლამენტით გათვალისწინებული დარღვევების უმნიშვნელოდ მიჩნევით და მასზე რეაგირების უქონლობით.
სწორედ სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაწვა ითვლება ტყის დიდი ხანძრების გამომწვევ ძირითად მიზეზად. მოსავლის აღების შემდეგ განზრახ ცეცხლის წაკიდება იწვევს უკონტროლო წვის პროცესს, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს გარემოს, ფიზიკური/იურიდიული პირის, სახელმწიფო ან/და მუნიციპალურ ქონებას. ხანძრები ხშირად გადადის ტყეებში, ანადგურებს ქარსაცავებს, ხეხილის ბაღებს, ვენახებსა და ერთწლიან კულტურებს. მისი ლოკალიზაციის შემთხვევაშიც კი, იწვება ნიადაგი, ხდება მისი გამოფიტვა, რამაც, მოსავლიანობის კლებასთან ერთად, შეიძლება, გამოიწვიოს ნიადაგის ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზია და შეუქცევადი ეკოლოგიური პრობლემები. საფრთხე ექმნება აგრო და ბიომრავალფეროვნებას და მდიდარ გენეტიკურ რესურსებს.
საფრთხის ქვეშ დგება კანონის უზენაესობისა და პატივისცემის პრინციპი, წახალისებულია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, ვერ ხორციელდება ხანძრების პრევენცია და უდიდესი ზიანი ადგება გარემოს, რაც, თავის მხრივ, არღვევს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული გარემოს დაცვის უფლებას.
შესაძლოა, აღსრულების პრობლემა უკავშირდებოდეს სახელმწიფორ მხრიდან ჰუმანურ განწყობას მოსახლეობის თუნდაც, მავნე და საშიში ტრადიციების მიმართ, მით უფრო, არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით. ასეთ გარემოებაში, საპატრულო პოლიციას შეუძლია, გამოიყენოს აღსრულების პროცედურაში ფართოდ დანერგილი გამაფრთხილებელი აქტების გამოწერის პრაქტიკა, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, განახორციელოს ფართო ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის წინასწარ გაფრთხილებას და როგორც დანაშულის, ასევე მასზე დაკისრებული სასჯელის დაკისრების პრევენციას.
რეგლამენტის შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმის ეფექტიანად აღსრულებისათვის ასევე აუცილებელია მისი შინაარსის ნათლად, კონკრეტულად ჩამოყალიბება და მის აღსრულებაზე უფლებამოსილი და პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლების – საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება, რომ მათ ნათლად განემარტოს დადგენილი წესები და პირობები.
კანონით უზენაესობის, სამოქალაქო უსაფრთხოების, გარემო დაცვისა და ფასეული ეკონომიკური ღირებულებების დაცვის მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ ასკ 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (ე.წ. მკვდარი ნორმის) აღსრულება, მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების, გამაფრთხილებელი აქტების გამოწერისა და საპატრულო პოლიციის გადამზადების გზით“, – ნათქვამია მიმართვაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ალეკო ცქიტიშვილი, ჭორტაულის ვენახები
რეზო გეთიაშვილი, ვაჟა გეთიაშვილის მარანი
იაგო ბიტარიშვილი, იაგოს ღვინო
ლევან გოგოლაძე, ლევანის მარანი,
გიორგი მშვენიერაძე, მშვენიერაძეების მარანი
გიორგი დავითაია, DoReMi WINE
თაკო ჟურული, ჟუკა-სანოს მარანი
დავით კაპანაძე, ტყლაპის მარანი
შორენა პატარიძე, პატარიძეების რაჭული
ზაზა დარსაველიძე, მარანი დასაბამი
შალვა ნატროშვილი, შალვა ნატროშვილის მარანი
შმაგი ავალიშვილი, ავალიშვილის მარანი
დავით კაპანაძე, ჩვენი ღვინო
გიორგი ვოლსკი, ანდრიას ღვინო
ლაშა გურული, მარანი ენკენი
ბექა ასლანიშვილი, მარანი ბეას-ნები
თენგიზ დვალიშვილი, TD-Winery
შოთა ლაგაზიძე, ლაგაზი
გიორგი ღვარძელაშვილი, ღვარძელაშვილის მარანი
მამუკა კიკვაძე, სამთავისის მარანი
ზურაბ თოფურიძე, იბერიელი
მერაბ მათიაშვილი, მათიაშვილის მარანი
ლევან მაკარიძე, მაკარიძის მარანი
ალეკო ნარიმანიძე, ალექსანდრეს მარანი
ბაია აბულაძე, ბაიას ღვინო
მერაბ მირცხულავა, მარანი ალაფიანი
ივანე სტეფანაშვილი, ვარიანის მარანი
ელისაბედ ხმიადაშვილი, კახეთი ბიო
ილია არჩემაშვილი, თიანეთის ნობათი
მამუკა ალფაიძე, ფარკონი
გოჩა ძნელაძე, ჯეოფლაუერი
ნინო ჩაღრაღანიძე, მანნა
ნინო თიგიშვილი, თიგის სახლი
მელაანური ვინტაჟი, თეო თაბორიძე
გიორგი აბაშიძე, ბიპისი
გიორგი სეხნიაიძე, უშარო
კოოპერატივი არაგველები, ნათია ფსუტური
გიორგი მაისურაძე, მილმართი
ზვიად ნიჟარაძე, კაუკაზანი
ირაკლი დოლიძე, ფრიზ თი
იზოლდა სურმანიძე, სხალთა 2014
მირიან იოსებაშვილი, მირიანის მარანი
ხათუნა მანჯავიძე, ქალები ქვეყნის მომავლისათვის
გიორგი მერაბიშვილი, კოდი
ბექა გონაშვილი, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია
გელა ზოიძე, ჩიბათი
თენგიზ სვანიძე, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
ზური ფურელიანი
გიორგი ჯვარიძე
ვალერი გელაშვილი
სერგო მსხალაძე
ეკატერინე ციხისძელი
ნოდარ ლატიბაშვილი
მურთაზ წულუკიძე