დედოფლისწყაროში მოქმედმა ზეთის მწარმოებელმა კომპანიამ მუშაობა განაახლა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ხორნაბუჯში ზეთის მწარმოებელმა კომპანია „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვამ“, რომელმაც წარმოება 2020 წლის შემოდგომაზე შეაჩერა, საწარმოო პროცესი განაახლა.
ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა.
კომპანია „ქარვას“ ბრენდის ქვეშ ქართული წარმოების რაფინირებულ და არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთებს 2005 წლიდან აწარმოებდა და ადგილობრივ ბაზარს ამარაგებდა, თუმცა პანდემიამ მმართველ კომპანიას ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიაღებინა.
„პანდემიის პირობებში წარმოება გართულდა, რადგან ნედლეულის მოპოვება, მისი შეძენა გაძნელდა, მზესუმზირის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომხმარებელი, ძირითადად, იმპორტირებულ, უფრო იაფ და მეტად ხელმისაწვდომ პროდუქტზე გადავიდა“, – განმარტა გიორგი თაბაგარმა.
2021 წელს ქარხნის გაჩერებამ, მწარმოებელ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ დაახლოებით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქარხნის ამოქმედებისთვის კომპანიამ საბრუნავი საშუალებებისთვის დამატებით 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. „ქარვის“ ზეთის საწარმო ამ ეტაპისთვის 35-40%-იანი დატვირთვით მოქმედებს და მხოლოდ არარაფინირებულ, მზესუმზირის კახურ ზეთს აწარმოებს.
ბაზარზე დაბრუნების შემდეგ „ქარვას“ ზეთის ღირებულება გაიზარდა. კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ მათი პროდუქტი პრემიუმ ხარისხის ზეთს მიეკუთვნება და დაბრუნების შემდეგ ზეთის ღირებულება, დახურვამდე არსებულ ღირებულებასთან შედარებით 60%-ით გაიზარდა.
დღეისთვის მომხმარებელი ადგილობირივი წარმოების „ქარვას“ კახური ზეთის შეძენას „აგროჰაბში“, „კარფურსა” და „გუდვილში“, დაახლოებით, 9-10 ლარის ფარგლებში შეძლებს.