თელავის აეროპორტი საქალაქთაშორისო რეისების მიღებას დაიწყებს
თელავის აეროპორტი „მიმინო“ საქალაქთაშორისო რეისების მიღებას დაიწყებს.
აეროპორტში, რომელშიც საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები საფრენოსნო-საინჟინრო მომზადებას გადიან, მალე სრულად დაიტვირთება.
აეროდრომის რეაბილიტაცია, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო უკვე დასრულდა. რეაბილიტაციაზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.
საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი სერგო სტეფნაძე აცხადებს, რომ რეაბილიტირებული აეროდრომი აკმაყოფილებს ყველა პირობას იმისთვის, რომ 20– ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავები მიიღოს.
არსებული ინფორმაციით, აეროპორტს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულოს როგორც ჩარტერული, ასევე რეგულარული ფრენები.
,,მოხდა ასაფრენ- დასაფრენი ზოლის და სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაცია, ასაფრენ ზოლს გადაეგო ახალი ასფალტი და მოხდა აეროდრომის სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ.
სამუშაოები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და ამისთვის 3 მილიონი ლარი დაიხარჯა, განახლდა ინფრასტრუქტურა, მგზავრთა მოსაცდელი დარბაზი, 1200 მეტრი სიგრძის და 25 მეტრი სიგანის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი”,-განაცხადა სერგო სტეფნაძემ.
შეგახსენებთ, აეროპორტი 2012 წელს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს გადაეცა და აქ სწავლას მომავალი პილოტები გადიან.