მთავრობამ UNESCO-ში კახეთში ბიოსფერული რეზერვატების დაარსებისთვის ნომინაციის დოკუმენტაცია წარადგინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ UNESCO-ში ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის’’ და ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის’’ დაარსებისთვის ნომინაციის დოკუმენტაცია წარადგინა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებას, ეკოტურიზმის პოპულარიზაციას, მწვანე ეკონომიკის პოპულარიზაციას/განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების ინტეგრირებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამავდროულად, შემარბილებელი ეფექტი აქვს ბიომრავალფეროვნების კლების თვალსაზრისით და დიდ გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით.
,,2015 წელს საქართველოში გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის შესწავლა, რომლის შედეგად პრიორიტეტი მიენიჭა კახეთის რეგიონს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება და მზადაა ბიოსფერული რეზერვატის განვითარებისათვის. უფრო ზუსტად, ახმეტის, თელავისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს (ვაშლოვანისა და თუშეთის დაცული ტერიტორიები და მათი და მიმდებარე არეალები).
2016 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა პროგრამის მეორე ფაზა, აღნიშნული პროცესის შედეგად დეტალურად იქნა შესწავლილი შერჩეული მუნიციპალიტეტების არეალები, განხორციელდა სხვადასხვა სახის ცნობიერების ამაღლების კამპანიები, გამოიკვეთა ისეთი პირველადი საკითხები, რომლის გადაწყვეტა აუცილებელი იყო ნომინაციის დოკუმენტების წარსადგენად.
2019 წლიდან დღემდე მიმდინარეობდა პროექტის მესამე ფაზა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა მმართველობითი სისტემის დოკუმენტაცია და განისაზღვრა ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის, ბუფერული და გარდამავალი ზონები, მოეწყო სხვადასხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურა, განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საბოლოოდ შეიქმნა ბიოსფერული რეზერვატების დაარსებისთვის ნომინაციის დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ორივე ბიოსფერული რეზერვატისთვის ბირთვის ზონად განისაზღვრა დაცული ტერიტორიების ნაკრძალები და მკაცრის დაცვის ზონები, ბუფერულ ზონად ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონები და ასევე აღკვეთილები, ხოლო გარდამავალ ზონად დადგინდა დაცული ტერიტორიების გარე ფართობები. აღნიშნული პროცესები მიმდინარეობდა გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
2021 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობის სახელით ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისა’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის’’ ნომინაციის დოკუმენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, გააგზავნა UNESCO-ს ადამიანი და ბიოსფეროს სამდივნოში. სამდივნოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნება 2022-2023 წლებში.
ბიოსფერული რეზერვატების კვლევებისა და ნომინაციის დოკუმენტების მომზადების პროცესების ყველა ეტაპზე ჩართულები იყვნენ სამიზნე მუნიციპალიტეტები, ადგილობრივის მოსახლეობა, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები. ასევე ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში დაინტერესებული მხარეების ინფორმირების მიზნით გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა.
პროექტი განხორციელდა გერმანიისა მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებდა მიხაილ ზუკოვის ფონდი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) თანამშრომლობით”,-აცხადებენ სამინისტროში.