ბიზნესების მხარდასაჭერად „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი“ შეიქმნა
სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, „ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდი“ 2025 წლის თებერვალში შეიქმნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფონდის მიზანია, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული არასტაბილურობის ფონზე, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესებს, სტუმრებისა და ვიზიტორების სიმცირის მიუხედავად, გააგრძელონ ფუნქციონირება და შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილები დასაქმებულებს.
„ფონდი საკუთარ საქმიანობას შემომწირველთა მხარდაჭერით ახორციელებს. ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის პირველი მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“. ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან განხორციელებული დონაცია კი 400 000 ლარია.
დახმარების მსურველებისთვის (შემომწირველებისთვის) შეიქმნა www.ghfund.ge, სადაც ხელმისაწვდომია ყველა სახის ინფორმაცია ფონდის საქმიანობის და განხორციელებული დონაციების შესახებ.
ბენეფიციარი კომპანიების შერჩევა შემუშავებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით მოხდება. იმისათვის, რომ კომპანია მოხვდეს დახმარების მსურველთა სიაში, ის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი ფუნქციონირების ისტორია;
2023 წლიდან დღემდე იყოს დღგ-ს გადამხდელი;
ჰქონდეს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა – შპს სტატუსი;
წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 000 ლარს.
განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და ფონდის შიდა პროცედურების საფუძველზე, ფონდის კომისია განსაზღვრავს კომპანიების ზარალს და შეაფასებს თუ რამდენად ესაჭიროება მას დახმარება.
განაცხადის შევსება 30 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. განაცხადების მიღების პერიოდის დასრულების შემდეგ, დაიწყება მონაცემების დადარების და მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შემოწმების პროცესი, მოხდება კომპანიების სიის შედგენა, რის შემდეგაც, ფონდი დაუკავშირდება ბიზნესის წარმომადგენელს და ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ მოხდება დახმარების გაცემა.
დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომპანიის სიდიდის და წლიური ბრუნვის მიხედვით 2%-5%-ს ფარგლებში. მეტი გამჭვირვალობისთვის ბენეფიციარების სია გამოქვეყნდება ააიპ “ქართული სტუმარმასპინძლობის ფონდის” ვებგვერდზე www.ghfund.ge. შემომწირველების სია ასევე გამოქვეყნდება ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა, შემომწირველს ანონიმურად დარჩენის სურვილი აქვს,“ – აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.