ახალი ამბები

რა არის გათვალისწინებული მოსწავლეების და სტუდენტებისთვის ახმეტის და ლაგოდეხის ბიუჯეტებიდან

ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტებმა 2022 წლის სოციალური დაცვის პროგრამა შეიმუშავეს და ბიუჯეტი დაამტკიცეს.

ზოგ რეგიონში პრიორიტეტი 0-დან 18 წლამდე ასაკის კატეგორიას მიენიჭა. მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2022 წელს უმაღლესში ახლად ჩარიცხული თუ წარჩინებული სტუდენტები დაეხმარებას მიიღებენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 2022 წელს ყველა პირველ კურსზე ჩარიცხულ სტუდენტს ,,ელექტრონული წიგნის წამკითხველი მოწყობილობით “ დაასაჩუქრებს – ამის შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დოკუმენტშია ნათქვამი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ერთჯერადად წაახალისებს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს და მათ 1000 ლარს გადასცემს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებში მოიაზრებიან ისინი, ვისაც ყველა საგანში 91 დან -100 ქულამდე ან/და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91 -დან ზემოთ ექნებათ ქულები.

ლაგოდეხის ბიუჯეტიდან სწავლების 500 ლარიან თანადაფინასებას მიიღებენ ასევე დედით და მამით ობოლი 18-დან 25 წლამდე სტუდენტები. 18 წლამდე ასაკის დედით და მამით ობოლი ბავშვები კი მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 100-100 ლარს მიიღებენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ დოკუმენტში წერია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 წლამდე პირები ერთჯერადად, 300 ლარს მიიღებენ. მათთვის საახალწლო და სააღდგომო კალათის ღირებულება კი 150-150 ლარით განისაზღვრება.

ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წლამდე უდედმამო პირებიც ასევე, 300 ლარს მიიღებენ და მათი საახალწლო და სააღდგომო კალათიც 150 ლარით იქნება განსაზღვრული. დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად კი მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად 50 ლარიან დახმარებას გამოყოფს.