ახალი ამბები

თელავში შშმ პირთა თემში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებზე იმსჯელეს

თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდისა და საზოგადოებაში მათი სრული ინკლუზიის მხარდაჭერის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაესწრნენ.

როგორც თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღის- 3 დეკემბრის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მათივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობებისა და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრეს, რაც დგას მათი სამიზნე ბენეფიციარების წინაშე.

,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ ძირითად პრობლემებზე, როგორიცაა მუნიციპალური სერვისების ნაკლებობა და ხარვეზები, გარემოს ადაპტირების პრობლემა და შშმ პირთა მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირების განახლება. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის და სამომავლო გეგმების გაცნობა. ასევე, საუბარი შეეხო თელავში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემში არსებულ საჭიროებებსა და პრობლემებს.
თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი გაიხსნა USAID ,,დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის,, ფარგლებში და მის მიზანს შეზღუდეული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა წარმოადგენს”,-
აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.