ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლი 2022 წლიდან აღარ გამკაცრდება – დადგენილება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილებში გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილების ამოქმედება გადავადდა.
საქმე ეხება ნორმას, რომელიც 2022 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. კერძოდ, სწორედ ამ დროიდან ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები დოზა, რაც ამჟამად მთლიანი მოცულობის მაქსიმუმ 0.6%-ს შეადგენს, უნდა გამხდარიყო 0.5% და 0.3%.
საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნდა დადგენილება, რომელიც ცვლილებების შესახებ იტყობინება.
ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი bm.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება სავარაუდოდ იმიტომ მიიღო, რომ ახალი რეგულაციის პირობებში ავტომობილების დიდი ნაწილი ტექდათვალიერებას ვეღარ გაივლიდა.
„CO-ს დასაშვები ნორმა უნდა ჩამოსულიყო 0.5%-მდე, 2022 წლიდან, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და ფორმულირება ასეთია: 2022 წელს CO-ს დასაშვები ნორმა კვლავ 0.6% იქნება, 2023 წელს 0.55%, 2024 წელს 0.5%, ხოლო 2025 წელს – 0.3%.
რეალურად, გამონაბოლქვის ნორმის გამკაცრება საკმაოდ ბევრ ავტომობილს დაახარვეზებდა, ვერ გაივლიდნენ ტექინსპექტირებას. არსებული მონაცემებით, ავტომობოლების 50% ვერ გაივლიდა ტექინსპექტირებას და ალბათ შეღავათი გაუწიეს მძღოლებს, რომ დამატებით მოემზადონ“, – განაცხადა იორდანიშვილმა და დასძინა, რომ კატალიზატორ-გარდამქმნელის მოთხოვნა ავტომობილებისთვის აუცილებლად გახდება საჭირო თუნდაც იმის გამო, რომ ამას ევროკავშირი გვავალდებულებს.
აქვე აღსანიშნია, რომ კატალიზატორ-გარდამქმნელი ჯერჯერობით არ მოეთხოვებათ საქართველოში არსებულ ავტომობილებს, თუმცა ახალი იმპორტირებულებისთვის მათი ფლობა აუცილებელი იქნება. იორდანიშვილის განმარტებით, გადავადდა ასევე ცეცხლმაქრი და სააფთიაქო ყუთის ქონის ვალდებულება ავტომანქანაში და ხმაურზე შემოწმების საკითხი.