რა უნდა იცოდეთ კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინებზე-ბლოგი
არსებობს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინების ტიპები, რომელთა შესახებაც შესაძლოა ინფორმაცია არ გქონდეთ, სწორედ ამ ბლოგის მეშვეობით გაიგებთ ვაქცინების შესახებ ინფორმაციას, რომელიც უნდა აუცილებლად იცოდეთ.
არსებობს ვირუსულ ვექტორებზე დაფუძნებული ვაქცინები, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი ვაქცინებისგან, იგი არ შეიცავს ანტიგენებს (COVID-19-ის სპაიკცილას). სპაიკცილა COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილაა, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა, როგორც უცხოს და იწყებს მის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას.
ვექტორული ვაქცინები იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს (ვექტორს), რომელსაც მიაქვს კორონავირუსის სპაიკცილის (spike protein) შესახებ „ინსტრუქცია” ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული „ინსტრუქციის” შესაბამისად უჯრედი იწყებს ვირუსის უვნებელი ნაწილის – სპაიკცილის გამომუშავებას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას.
სწორედ ეს ანტისხეულები იცავს ორგანიზმს მომავალში COVID-19-ით ინფიცირებისა და დაავადებისაგან. ვაქცინაციის შემდგომ, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრისას იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს. დროებითი გვერდითი მოვლენები პროცესის ბუნებრივი ნაწილია, ეს არის მანიშნებელი, რომ ვაქცინა მუშაობს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვირუსული ვექტორის ვაქცინებია: University of Oxford/AstraZeneca; CanSino; Gamaleya Research Institute; Janssen Pharmaceutical Companies.
ასევე არსებობს მ-რნმ ვაქცინები:
მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. შემდგომში, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს.
ვინაიდან მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს, მას არ შეუძლია გამოიწვიოს კოვიდის ინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო მ-რნმ ვაქცინებია: Moderna/NIAID; Pfizer-BioNTech. შემდეგია, ინაქტივირებული ვაქცინები, რომლებიც ტრადიციული მეთოდით არის შემუშავებული. ისინი შედგება მთელი ვირუსისაგან ან ბაქტერიისგან, ან მათი რომელიმე ფრაქციისგან. შესაბამისად, იყოფა ორ ძირითად ტიპად – სრულუჯრედიან და ფრაქციულ ვაქცინებად. ინაქტივირებული ვაქცინები მზადდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის (ვირუსი, ბაქტერია) ქიმიური ან ფიზიკური პროცესით დახოცვის გზით. არ იწვევს დავადებას, რადგან არ შეიცავს ცოცხალ მიკროორგანიზმს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ინაქტივირებული ვაქცინებია: Sinovac, Sinopharm-Beijing, Sinopharm-Wuhan, Bharat Biotech. აუცილებელია იცოეთ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ შესაძლოა გვერდითი მოვლენები განვითარდეს, რაც სავსებით ნორმალურია და მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ორგანიზმი დამცველობით უნარს აძლიერებს. გვერდითმა მოვლენებმა შესაძლოა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე მოახდინოს გავლენა, მაგრამ ეს მოვლენები რამდენიმე დღეში გაივლის. ზოგიერთ ადამიანს გვერდითი მოვლენები საერთოდ არ უვითარდება.
ბლოგი მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.